ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მშობლებს მიუძღვით. პატარა ასაკში ბავშვი მშობლის სიახლოვეს უფრო მეტად ითხოვს. მშობელი, მეტწილად დედა, შვილს სამყაროს უკეთ აღქმასა და მოვლენების გაანალიზებაში ეხმარება. თუმცაღა, დღევანდელ რეალობაში, არც თუ ისე იშვიათად, ბავშვები დედ-მამასთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდიან, რისი მიზეზიც, მეტწილად, მშობლების გადატვირთული სამუშაო გრაფიკია. რა გავლენას ახდენს ბავშვებზე მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი და როგორ შეიძლება დაბალანსდეს შვილებთან ურთიერთობა, აღნიშნულ საკითხებზე, „თბილისი თაიმსს“, ფსიქოლოგი – ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი მუშაობს და შვილთან სათანადო დროის გატარებას ვერ ახერხებს. რას იტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის დეფიციტი საქართველოში რამდენად გახშირებულია და ეს ფაქტორი ბავშვის ჩამოყალიბებაზე გავლენას რამდენად ახდენს?

– XXI-საუკუნის დედა ნებსით თუ უნებლიედ მაინც მცირე დროს ატარებს შვილთან, მაშინაც კი, როცა არ მუშაობს. სერიალებისა და გასართობი შოუების მაყურებელთა დიდ წილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ამას ემატება სოციალურ ქსელში ჩართულობისთვის განკუთვნილი დრო და ა.შ. აღნიშნული, ცხდია, მხოლოდ ქართველ დედას არ ეხება. ეს თანამედროვე მსოფლიოს ქალთა ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

დედა მუშაობს თუ არ მუშაობს, მიუხედავად ამისა, საკმარისი იქნებოდა თუნდაც 20-30 წუთით ბავშვის თამაშში ან სწავლის პროცესში ჩართულობა. ოღონდაც ისე, რომ ბავშვის ინიციატივა იყოს პრიორიტეტული. თუ ამ ინიციატივას ბავშვი ვერ ახერხებს, მაშინ მისი პროვოცირება მშობლის მხრიდან  უნდა მოხერხდეს.

– ბავშვი, რომელისთვისაც ჩვეული ხდება დილით  დედაზე ადრე წამოდგომა საწოლიდან, მარტოდმყოფად, დაუცველად განიცდის თავის თავს.

მშობლებსა და შვილებს შორის ემოციათა გაცვლა ადამიანის ცხოვრებაში უაღრესად პოზიტიურ როლს ასრულებს. ეს პროცესი ერთნაირად აბედნიერებს, როგორც შვილებს, ასევე მშობლებს. ამავდროულად, ბავშვის მიერ საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნებასთან ერთად, თვითშეფასების ამაღლება და  გარემოს კეთილგანწყობილად ხედვა ხდება.

დატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე დედები შვილებთან საერთო ენის გამონახვას რამდენად ახერხებენ,  ერთმანეთთან გახსნილები თუ არიან? მამების შემთხვევაში როგორ ხდება, ბავშვები მეტწილად დედასთან ურთიერთობის დეფიციტზე რეაგირებენ?

 შვილებთან საერთო ენის გამონახვა მხოლოდ იმ მშობლებს შეუძლიათ, რომლებიც ბავშვის გრძნობების ამოცნობას ახერხებენ  და მასთან ურთიერთობაში დირექტიულები არ არიან.  ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მისი ესმით, მის მდგომარეობას ხედავენ და გრძნობენ თუ რა ახარებს და რა აწუხებს, რა უნდა და რა არ უნდა და მშობლები იმასაც ხვდებიან თუ რატომ. დიახ, ბავშვები ითხოვენ და ელოდებიან მშობლებისაგან გონივრულობასაც და მგრძნობელობის მაღალ დონესაც.

ბავშვის პოზიტიური თუ არაპოზიტიური, მშვიდი თუ ოპოზიციური ქცევა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის ბავშვის მხრიდან პასუხია ანუ  უკუკავშირია.

ბავშვები ერთნაირად რეაგირებენ, როგორც დედის, ასევე მამის დეფიციტზე. თითოეული მშობლის წილი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის თანაბარია. ორივე შემთხვევაში ბავშვმა უნდა მიიღოს უპირობო სიყვარული და ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობისა და ვალდებულების უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბება.

მშობლების ურთიერთობის დეფიციტისგან გამოწვეული პრობლემები მოზარდებში რამდენად იჩენს თავს და დაკავებულმა მშობლებმა შვილებთან ურთიერთობა როგორ უნდა დაასტაბილურონ?

მშობლის დეფიციტს  ფიზიკური ურთიერთობის ნაკლებობაზე უფრო მეტად სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური  მომენტები ქმნის, უფრო ზუსტად-შეცდომები: გადაჭარბებული მზრუნველობა ან პირიქით უყურადღებობა, ინდიფერენტულობა, უნდობლობა, დირექტიული შენიშვნები, დაყვედრება, სხვისი თანდასწრებით შენიშვნის მიცემა, გაბუტვა, ვინმესთან შედარება და ა.შ.

მშობლები, რომლებიც შფოთვას განიცდიან შვილის ამა თუ იმ მდგომარეობის გამო, გარკვეული ტიპის დაძაბულობის მაპროვიცირებლები ხდებიან. ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, სხეულის ენას ანუ არავერბალურ შეტყობინებას კარგად გრძნობენ.

მშობლების მხრიდან ნებისმიერ კონფლიქტში ჩართულობა ბავშვს ყოველთვის აწუხებს. ბავშვი მშვიდ, გაწონასწორებულ, საქმეზე ორიენტირებულ სააღმზრდელო გარემოს საჭიროებს.

ბზარგაჩენილი ურთიერთობის  ე.წ. ჩატეხილი ხიდის აღსადგენად უპირველესად მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ კონფრონტაციის გაღრმავება შედეგს არ მოიტანს, პირიქით, კონფლიქტს ,,საზრდო“ მიეცემა. მშობელმა არ უნდ წამოიწყოს საუბარი მომხდარზე, ვიდრე მღელვარება, დაძაბულობა არ ჩაცხრება. საუბარს არ უნდა ჰქონდეს შეფასებითი ხასიათი, მხოლოდ დამდგარი შედეგის კორექციის შესაძლებლობებისა და გამოსავალი გზების ძიების მიზანი უნდა წარმოჩნდეს. საკითხის განხილვა ცალმხრივი არ უნდა იყოს, მშობლისა და ბავშვის მოსაზრებები ერთნაირად ანგარიშგასაწევად უნდა იყოს მიღებული.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

(Visited 3,213 times, 1 visits today)

კომენტარები