მაშინ, როდესაც  სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორები ცხოვრების განსხვავებულ პირობებს გვთავაზობს, როდესაც ახლობელი ადამიანებისგან შორს ცხოვრება გარდაუვალია და  როდესაც მანძილი ურთიერთობის გათიშვას იწყებს, სამყაროში არსებობს მუსიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავერთიანდეთ. მუსიკოსი, რომელსაც  „თბილისი თაიმსი“ ექსკლუზიურად გაგაცნობთ, ბელგიაში მცხოვრები ქართველი დაჩი ხასაიაა. როგორც თავად აღნიშნავს, მუსიკა მისი გრძნობების თანამგზავრია და ამავდროულად სამყაროს ენერგიაა, რომელიც თავისუფლებას, სიყვარულს, სევდასა და სიმშვიდეს წარმოქმნის – ის, რასაც ადამიანი თავად შეადგენს. ქართველი მსმენელისთვის ჯერ კიდევ უცნობი დაჩი ხასაია, დეტალურად ისაუბრებს რამდენად რთულია ფართო მუსიკალურ სივრცეში ცურვა და  რა პასუხისმგებლობას გრძნობს სამშლობოდან შორს – სამშობლოს წნაშე…

დაჩი ხასაიას მსმენელთა ნაწილი უკვე იცნობს, მაგრამ ფართო აუდიტორიისთვის ბევრი რამ მის შესახებ არ არის ცნობილი. თუ შეგიძლიათ, მესაუბროთ სად დაიბადეთ,  თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან, რამდენად ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდით? 

დავიბადე თბილისში, ვაკის პარკთან ახლოს და ამიტომაც ძალიან მიყვარს ეს პარკი. მასთან ბავშვობის და ახალგაზრდობის კარგი მოგონებები მაკავშირებს, რადგან თბილისური თავისუფლება შემაყვარა. დედა ირმა ჯიქია პროფესიით თეატრის რეჟისორია, მამა – პაატა ხასაია მსახიობი და ჟურნალისტი. მათ ერთმანეთი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიცნეს. შემიძლია ვთქვა, რომ ვიზრდებოდი ტრადიციულ ქართულ ოჯახში.

როგორც ცნობილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრეთ. პრეფესიით ვინ ბრძანდებით, რას საქმიანობდით სანამ ბელგიაში გადახვიდოდით საცხოვრებლად?

ილიაში ბიზნესის ადმინისტრირება შევისწავლე, ასევე მსახიობის ოსტატობა და დიპლომიც ამ ორი განხრით მაქვს. ბავშვობიდანვე ხელოვნება მიყვარდა, სიმღერა, ცეკვა, ინსტრუმენტებზე დაკვრა, სხვადასხვა პერსონაჟების თამაში. როდესაც გავიზარდე მივხვდი, რომ ბიზნესი ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, ყველამ უნდა იცოდეს ფინანსების მოპოვება და მართვა, რადგან არ ჩამორჩეს ნორმალურ ცხოვრებას.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი, ჩემთვის მიზანშეწონილი პროფესია ავირჩიე.

რას ნიშნავს მუსიკა თქვენთვის, იმ ჟანრის შესახებ რომ მომიყვეთ რომელშიც მღერით თუ შეგიძლიათ, რამდენად აქტუალურია ეს მიმართულება დღესდღეობით,  რაზე ესაუბრება თქვენი მუსიკა მსმენელს და თავად  რისი გამოხატვის საშუალებას გაძლევთ?

მუსიკა ჩემთვის ბიზნესთან და მსახიობობასთან შედარებით სრულიად სხვა რამ არის. ის ჩემი გრძნობების თანამგზავრია და ვფიქრობ რომ ჩემი მუსიკაც მაშინ დაიბადა, როდესაც მე დავიბადე. მგონია რომ მე არ ვწერ მუსიკას, მე ვწერ ჩემს გრძნობებს რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირია. და თუ ადამიანს სურს, რომ გამოხატოს თავისი გრძნობები და ამას კარგად ახერხებს ამაზე კარგი და მნიშვნელოვანი ბევრი არაფერია. ჩემი მუსიკით ადამიანი უსმენს თავისუფლების გრძნობას, სიყვარულს, სიხარულს, სევდას და საერთოდ იმ ენერგიას რასაც სამყარო გვაძლევს. ჩვენც ადამიანები ვართ ამ ენერგიის შვილები და მაშასადამე ჩვენც ვართ ენერგია.

საყვარელი ჟანრი ფსიქოდელიური პოპი და როკია. ის ყველაზე ახლოს მოვიდა ჩემთან მთელ იმ მუსიკალური ჟანრებიდან, რომელიც არსებობს. დღეს მსოფლიოში ახალგაზრდა მუსიკოსები, ჩემი თაობა მთელი მსოფლიოდან ცდილობს, დააბრუნოს ფსიქოდელიური როკი ხალხის ცხოვრებაში. დღეს ის ფსიქოდელიურ პოპში გადაიზარდა და ამ საქმეში მეც ერთ-ერთი ქართველი “აგენტი” ვარ.

როგორც ვიცი,  ბებია იყო ის ადამიანი, რომელმაც მუსიკა შეგაყვარათ. თქვენს ურთიერთობაზე რომ მიამბოთ. რა გასწავლათ ბებიამ მუსიკალურად და რამდენად ხშირად  გიზიარებთ საკუთარ მოსაზრებას თქვენს ნამუშევრებთან დაკავშირებით, რჩევა, ბებიისგან  რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ ან გავლენა იქონია რომელია?

– მე და ბებია – მზია ბენდელიანი ბავშვობიდანვე ერთად ვცეკვავთ და ვმღერით. ის მსახიობი და მუსიკოსია და თავის დროზე ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ხელოვნებაში. ერთად ვამზადებდით საქართველოში ერთერთ საუკეთესო მეგრულ ღომს და ამით მაგრად ვერთობოდით. ბებიამ შემაყვარა სიმღერა და ჩემი პირველი ალბომიც უნივერსალური წარსული(“Universal Past” ) მას ეძღვნება. მან სწორედ პირველმა მოისმინა ჩემი ალბომი და ცხარე ცრემლებით ატირდა. როგორც ყველა კარგ ბებოს, ჩემს კარგ ბებოსაც უნდა, რომ შვილიშვილი წარმატებული და ბედნიერი იყოს და ამის მისაღწევად დარიგებებს არასდროს იშურებს.

რამდენად აისახება გარემო მუსიკოსის შემოქმედებაზე, მას შემდეგ, რაც ევროპაში ცხოვრობთ რა შეიცვალა თქვენს მუსიკაში?

 – ევროპაში ცხოვრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის და ქვეყნის მიმართ. ვცდილობ, საქართველო კარგი კუთხით წარმოვაჩინო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. გარემოს მუსიკოსის შემოქმედებაზე უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არასოდეს მომწონდა ჩემი თაობის მელომანობის სიძველე და გადავწყვიტე ბელგიაში წასვლა, რათა  ახალი იდეები შემეძინა, გავსულიყავი საქართველოს მუსიკალური აკვარიუმიდან, რომელიც მთრგუნავდა და შემეცურა ნამდვილ მუსიკალურ ზღვაში. ბედნიერი ვარ რომ ეს მოვახერხე და შევხვდი უამრავ ჩემთვის  საყვარელ მსოფლიოში ცნობილ არტისტებს, რომლებმაც ბევრი რამ ასწავლეს მსოფლიოს. მათთან შეხვედრამ ჩემი ცხოვრება შეცვალა.

რომელი მუსიკოსი არის თქვენთვის გამორჩეული, ვინ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება  და რომელ ჟანრს ან კონკრეტულ შემსრულებელს    არ მოუსმენთ არასდროს, რატომ?

მუსიკოსად გამზარდა დეიმონ ოლბარნმა, ჩამომაყალიბა დევიდ ბირნმა, მუსიკალურად გამრყვნა იგი პოპმა და თავისი გაფრენით მაწყენინა დევიდ ბოუვიმ. ჟანრი არ არის ისეთი რასაც არ ვუსმენ, მუსიკაში ექსპერიმენტებია საჭირო ასე რომ არცერთ ჟანრს არ უნდა გაუბრაზდე, უნდა ეცადო, რაიმე სასარგებლო იპოვო და ახალი შექმნა მისგან.

ქართულ შოუბიზნესზე რას ფიქრობთ, რამდენად  ახერხებენ ამ სფეროს წარმოამდგენლები საკუთარი თავის რეალიზებას სცენაზე, როგორ ფიქრობთ, რა პრობლემები აწუხებს ყველაზე მეტად შოუბიზნესს?

– რაც დრო გადის მით უფრო გამოდის ქართული შოუბიზნესი კრიზისიდან და ეს ძალიან მახარებს. ქართველი მუსიკოსები და ზოგადად ხელოვანები ძალიან ნიჭიერები არიან. მათ  უბრალოდ სჭირდებათ სივრცე, ჯანმრთელი გარემო რომელიც თავის მხრივ ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, სივრცე სადაც მოახდენენ იდეების მაქსიმალურ რეალიზებასა და შორს გაგზავნას. საჭიროდ  ვთვლი, შეიცვალოს მსმენელის მუსიკალური მენტალობა, ქცევები და მანერები ლაივ მუსიკის მოსმენის დროს, რომელიც საერთოდ არ უხდება იმ ადამიანს, რომელიც სცენაზე დგას, უკრავს და მღერის. აუცილებელია, რომ არტისტმაც მათ მოკავშირედ იგრძნოს თავი და პირიქით მსმენელმა არტისტის მოკავშირედ. მე იმედი მაქვს, რომ ქართული შოუბიზნესი ფეხზე დადგება და ხალხი დაინტერესდება ხარისხიანი პროდუქტით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ფესტივალების ორგანიზატორებს, რადგან არ იშურებენ ძალასა და სახსრებს შეაყვარონ ქართველ ხალხს ხარისხიანი მუსიკის მოსმენა და წერა, რასაც მსოფლიოში ცნობილი კარგი შემოქმედების დახმარებით შეძლებენ. საქართველოში ეს ძალიან ჭირს ამ ეტაპზე და ზუსტად კარგად ორგანიზებული ფესტივალებია ქართული შოუბიზნესის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ფაქტორი.

როგორც ვიცი, გარდა იმისა, რომ  თავად წერთ და მღერით კიდევ რას საქმიანობთ, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ, ჰობი თუ გაქვთ?

– ძალიან მიყვარს კითხვა, ცურვა, სურათების გადაღება და ბუნებაში გასეირნება.

როგორია დაჩი ხასაია მეგობრებთან, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელსაც ადამიანში ეძებთ?

– ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები და ყველა მათგანს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. შეიძლება ითქვას, რომ დაჩი ხასაია – ეს მისი მეგობრებია.

თქვენს ერთ–ერთ ინტერვიუში საუბრობდით, რომ უახლოეს მომავალში კონცერტის გამართვას საქართველოშიც აპირებდით. რა ხდება ამ მხრივ, ხომ არ იგეგმება სიახლეები თქვენი ქართველი მსმენელებისთვის?  

– ამ ეტაპზე ვმუშაობ Uiverseman ის ახალ ალბომზე “Universal Present” (“უნივერსალური აწმყო”), რომელიც 2018 წელს გამოვა. საქართველოში კონცერტის გამართვა ისევ იგეგმება და როდესაც ეს მოხდება, მსმენელი აუცილებლად შეიტყობს „Universeman“ (ადამიანი სამყაროს) გვერდის მეშვეობით.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ ფიქრობ, სად იქნება დაჩი ხასაია 5 წელში და რას გააკეთებს ის…

– წინასწარ ძნელია ამის განსაზღვრა, ვნახოთ როგორი იქნება, მეც მაგრად მაინტერესებს…

სანამ დაჩი ხასაიას ალბომი გამოვა, მსმენელს მისი რამდენიმე ახალი სიმღერის მოსმენა უკვე შეუძლია მსმენელს Youtube–ის და Universeman–ის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. გთავაზობთ ერთ-ერთ ვიდეოს ახალგაზრდა მუსიკოსის შემოქმედებიდან.

 

ნანუკა მაღლაკელიძე

(Visited 300 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*