ადამიანების დიდ ნაწილს სტომატოლოგიურ კლინიკებში ვიზიტი უწევთ. ამგვარ დაწესებულებებში ჰიგიენური ნორმების დაცვა უპირველესია, მაგრამ რამდენად იცავენ ამ ნორმებს საქართველოში? – არასტერილირებული ხელსაწყოებით პაციენტების იმფიცირების შემთხვევევბი არც თუ ისე იშვიათია. იმის დასადგენად, თუ როგორი მდგომარეობაა ქვეყნის მასშტაბით სტომატოლოგიურ კლინიკებში, რამდენად დაცულია პაციენტთა უფლებები და ზოგადად, რა პერიოდულობით ხდება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება, „თბილისი თაიმსი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც წყებაში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტროში სრული ნორმატიული ბაზა არსებობს, რომელიც სანიტარულ- ჰიგიენური პირობების მოწესრიგებას არეგულირებს. კერძოდ:
- არსებობს ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც განსაზღვრულია მოთხოვნები სტომატოლოგიური დაწესებულებების მიმართ.
- არსებობს დეზინფექცია სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც, ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებების და მათ შორის სტომატოლოგიური დაწესებულებების დეზინფექცია სტერილიზაციის წესს არეგულირებს.
- არსებობს სამედიცინო ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტი,რომელიც არეგულირებს სტომატოლოგიურ დაწესებულებებში წარმოქმნილი ნარჩენების მართვის საკითხებს.
- და ბოლოს, მინისტრის ბრძანება ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს ამბულატორიულ, მათ შორის, სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში ინფექციური კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს.
აღნიშნული ბაზა ბოლო 3 წლის განმავლობაში შეიქმნა და მოწესრიგდა. უნდა აღინიშნოს, რომ ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტი განახლდება და უახლოს პერიოდში მთავრობას გადაეგზავნება დასამტკიცებლად. შესაბამისად, ამ ეტაპზე არსებული ნორმატიული ბაზა სავსებით სრულია.
საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება, შერჩევითი კონტროლით, წელიწადში ერთხელ ხორციელდება.“
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, 2015 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით (თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და ქვემო ქართლში) 422 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება შემოწმდა (შემოწმების მომენტში, არ ფუნქციონირებდა – 88). აქედან, სხვადასხვა სახის დარღვევის გამო, 237 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
მათ შორის:
- სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე – 39
- ტექ.რეგლამენტის პირობების დარღვევაზე –
უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:
- დეზინფექცია-სტერილიზაცია -29%;
- სამედიცინო ნარჩენების მართვა -25%;
- დოკუმენტაციის წარმოება-16%;
- ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები-14%;
რაც შეეხება 2016 წელს, სულ 143 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება შემოწმდა და სხვადასხვა სახის დარღვევების გამო 51 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა:
- სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე-4
- ტექ.რეგლამენტის პირობების დარღვევაზე-46.
უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:
- დეზინფექცია-სტერილიზაცია -33%
- სამედიცინო ნარჩენების მართვა -22%;
- დოკუმენტაციის წარმოება-26%.
ნინო ზარიძე