შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი ნათლისღებაა, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ადამიანი ამა თუ იმ ეკლესიის წევრი გახდეს და სხვა დანარჩენ საუდუმლოებებში მიიღოს მონაწილეობა. ქრისტიანული ეკლესია, მისი დაარსების დღიდან, განიცდიდა ცვლილებას. ახალი აღთქმის ეკლესიამ მრავალი ტრადიცია გადმოიღო წინამორბედისგან, ზოგი პირდაპირ, ზოგიც მოდიფიცირებული. მაგალითად, ებრაული ტრადიციის თანახმად, ორმოცი დღის ახალშობილი ტაძარში მიჰყავდათ და შესაწირად მტრედები მიჰქონდათ. ასევე იესოც ორმოცი დღის მიიყვანეს ტაძარში, როცა ის მართალმა სვიმეონმა ხელებზე მიირქვა. დღესაც მართლმადიდებელ ეკლესიაში არის რეკომენდაცია, რომ ბავშვი ორმოცი დღის მოინათლოს.  

აღსანიშნავია, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში ახალი წეს-ჩვეულებებიც დამკვიდრდა, რაც აუცილებელი იყო პოლიტიკურ თუ სოციალურ ცვილილებებთან ადაპტაციისთვის. როგორც წესი, ასეთი ცვლილებები არ ეხება დოგმებს, რაც ქრისტიანის რწმენით, ღვთისგან უწყებული უცვალებელი ჭეშმარიტებაა. ცვილილებას განიცდის „დოქსა“, რაც ადამიანური აზროვნებისა და მის მიერ სამყაროს მოწესრიგების მცდელობის შედეგია.

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელთან იაკობ მუჯირთან. მამა იაკობი გვესაუბრა ნათლიების ტრადიციის შემოღების, ნათლობისა და სულთმოფენობის საერთო და განმასხვავებელი ნიშნების, წარსულში არსებული ცდომილებებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

რა კავშირია წყლითა და სულით ნათლისღებას შორის?

 – წყლის სტიქიას ერთგვარი მისტიური ელფერი თან სდევს და მეორედ შობა სწორედ ამ სტიქიას უკავშირდება. ისრაელიანთა შორის არსებობდა მიკვეს რიტუალია, რაც გულისხმობოდა წყლით განბანვა-განწმენდას. სხვა რელიგიებშიც აქვს წყალს კათარზისის ფუნქცია. ეს ერთი შეხედვით ჰიგიენური აქტი, რელიგიური მნიშვნელობისა იყო. იოანე ნათლისმცემელი გარდამავალი წინასწარმეტყველია ახალსა და ძველ აღთქმას შორის. მის მიერ აღსრულდება ერთ-ერთი წინასახეობრივი მსახურება, რასაც ჰქვია წყლითა და სინანულით ნათლისღება და რაც ქრისტემ დააგვირგვინა სიტყვებით: „რომელი არა იშვას წყლისაგან და სულისა ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ცათასა“. ჩვენი წინაპრები ნათლისღებას უწოდებდნენ გაცხადებას, რადაგან სამივე პირი – მამის ხმის დამოწმებით, ძის განკაცებით და სულიწმინდის მტრედის სახით გარდამოსვლით – გაცხადდა.

რატომ ვერ გაიგო ნიკოდიმოსმა, ქრისტეს ფარულმა მოწაფემ, სულით ნათლისღების მნიშვნელობა?

– ნიკოდიმოსი, იოსებ არიმათიელთან ერთად, ქრისტეს ერთ-ერთი ერთგული მოწაფეა. როგორც მახარებელი გვაუწყებს, ნიკოდიმოსი, სინედრიონის წევრი და სჯულში კარგად განსწავლული პიროვნება, ღამე ფარულად მიდის იესოსთან, რომ დააზუსტოს, რას გულისხმობს უფალი მეორედ შობაში. სინედრიონის წევრობის სტატუსი არ იყო ადვილად მიღწევადი, და როცა წმინდა წერილი კონკრეტული ადამიანის სტატუსის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, მაგალთად მეზვერე მათეს, ზაქეს თუ სხვათა შესახებ, ეს ფაქტის სხვაგვარად გაანალიზებისკენ გვიბიძგებს. ამ შემთხვევაში, როცა საღვთო რჯულში განსწავლულ ადამიანს უჭირს საღვთო სწავლების გაგება, უფრო მარტივია წარმოვიდგინოთ, თუ რა რთული გასაგები იქნებოდა რჯულში ნაკლებადჩახედული ადამიანებისთვის. ნიკოდიმოსი ძალიან პრიმიტიულ კითხვას სვამს: „ვითარ ხელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თვისისასა შესლვად მეორედ და შობად?“ როცა ქრისტე მეორედ შობაზე ელაპარაკება, ნიკოდიმოსი ბუკვალურად, პირდაპირი მნიშვნელობით იგებს მის სიტყვებს. მსგავს გაუგებრობას და ქრისტეს ქადაგებების ბუკვალურად გაგებას მრავლად ვხვდებით ახალ აღთქმაში.

რამდენად აცნობიერებენ ნათლიები თავიანთ როლს?

– ის ინსტიტუტი, რომელიც ეკლესიაში არსებობდა საუკუნეების განმავლობაში და რასაც კატეხიზაცია ეწოდება, აღარ არსებობს. ადამიანი, უმეტესწილად, მხოლოდ პატიოტული გრძნობებითა და იმ განწყობით მიეახლება ამ საიდუმლოებას, რომ მისი მამა-პაპა ასე იქცეოდა. ცოცხალი საწმუნოება ნაკლებად არის გააზრებული. მე როგორც სასულიერო პირი, ვადასტურებ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არის საზოგადოებაში, მაგრამ სანამ კატეხიზატორული სკოლები არ აღდგება, ეკლესიაში იარსებებს ეს გამოწვევა. მე როგორც ნათლია, და ზოგადად პროვნება, თუ არ ვკმაყოფილდები იმ ნომინალური სტატუსით, რასაც მრევლის წევრობა ჰქვია, ვეცნობი სასულიერო ლიტერატურას, ქრისტიანულ კულტურასა და მოძღვრებას, ზნეობრივად ვიქცევი ეკლესიაში და მის ფარგლებს გარეთ, ვფიქრობ, კარგ მაგალითს უნდა ვაძლევდე ნათლულს. ამრიგად, პირად მაგალითს დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც წესი, ბავშვებს ადრეულ ასაკში ნათლავენ. რატომ და ვისთვის უნდა ჩამოყალიბდეს კატეხიზატორული სკოლები?

– თუ სინოდალური განჩინებით იქნება კურთხევა, რომ კატეხიზატორული სკოლები გაიხსნას, ყველა სასულიერო პირი ეცდება, ეს კურთხევა აღასრულოს. თუ მხოლოდ ინდივიდუალური სამრევლოები ეცდებიან პირადი მონდომებით, ეს დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, რადგან ერთ-ორი სამრევლოს ჯანსაღი მიდგომა საზოგადოებას ვერ ცვლის. ეს ინსტიტუტი აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს. ამაზე საუბარი არის, მაგრამ დაბალ საფეხურზე, სამღვდელოებასა და დიაკვნებს შორის. ასეთი სკოლები უმეტესწილად იქნება არა ნათლიებისთვის, არამედ მოსანათლი ზრდასრული ადამიანებისთვის. მათი რიცხვი კი არც ისე მცირეა.

როდის და რატომ დადგინდა ნათლიაობის ტრადიცია?

-ეკლესიის მოღვაწეობის პირველ ხანებში ნათლიის ინსტიტუტი არ არსებობდა, მოგვიანო პერიოდში ჩამოყალიბდა. ნათელღებულ ადამიანს ჩვენ ვაძლევთ მოწმობას, რომელსაც მღვდელმსახური აწერს ხელს და ასვამს ადგილობრივი ტაძრის ბეჭედს. ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში იყო სხვა ტრადიციები, მათ ნათლობის დასტურად აძლევდნენ მამის, ძის და სულიწმინდის სახელზე ჯვრის სახით აღკვეცილ თმას. ასევე ნათლობის ნივთმტკიცება იყო სანთელი, გამოყენებული პირსახოცი და თეთრი კვართი, რომელიც შემოსილი უნდა ჰქონოდა ნათლღებულს, რითაც საზოგადოება მისი გაქრისტიანების შესახებ იგებდა.

რა გაუკუღმართებას ვხვდებით ნათლისღებასთან დაკავშირებით?

– სხვადასხვა გაუკუღმართება ეკლესიის ისტორიაში არაერთხელ გვხვდება. საეკლესიო წყაროები ამოწმებენ, რომ იყო შემთხვევები, როცა საეკელესიო პირები მაცხოვრის ხატიდან საღებავს ფხეკდნენ და პურთან და ღვინოსთან დააბრძანებდნენ. ერთ-ერთი გაუკღმართებული ფორმა ნათლისღებამაც შეიძინა. ხატმებძოლეობის წინა პერიოდში, ადამიანები უკევ არა ცოცხალ პიროვნებას, არამედ ხატებს იყენებდნენ ნათლიად. ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის ერთ-ერთი წინაპირობად ხატებისადმი სწორედ ეს არაჯანსაღი, ფეტიშიზმამდე დასული დამოკიდებულება იქცა.

ქრისტიანობა თავისუფალ ნებაზე დამყარებული რელიგიააბავშვების ადრეულ ასაკში მონათვლა რამდენად გულისხმობს მათი თავისუფალი ნების შეზღუდვას?

 – თუ დავაკვირდებით თმის აღკვეცის საიდუმლო ლოცვას, არის ასეთი სიტყვები: „პირველაღმკვეცელი თმისა მის, აკურთხე ესე, ვითარცა აკურთხე დავით ხელითა იესე წინასწარმეტყველისათა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდითგანვე აღესრულებოდა ეკლესიაში ჩვილთა ნათლობა. ცნობილია ეკლესიის მნათობის გრიგოლ დიოლოღოსის  სწავლება „შვიდი სიტყვა ნათლობის შესახებ“, ანუ შვიდი ჰომილია, სადაც ის ბრძანებს შემდეგს: „ნუ დააყენებ ყრმათა მათ, რათა აღიზარდნონ სულიწმინდის მადლთან ერთად“. ამიტომ ეკლესიის ტრადიციის თანახმად, ნათლობა შობიდან მეორმოცე დღეს ხდებოდა. იოანე ოქროპირი ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: „ნურავინ იტყვის გულდაწყვეტით, რომ არ შობილა იმ დროს, როცა ქრისტე მოვიდა, რადგან დღიდან ჩვენი ნათლისღებისა, ჩვენ თანააღვიზრდებით ქრისტეში“. უფალი ამბობს, აცადეთ ყრმათა მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათასა და ნუ დააბრკოლებთ ჩემთან მიმართებაშიო. თუ ზრდასრულობის ასაკს დავალოდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ 18 წლამდე ვერ ვეზიარებით და ვერც სხვა საიდუმლოებებში მივიღებთ მონაწილეობას.

ჩემი შვილები საეკლესიო ტრადიციის თანხმად, მეორმოცე დღეს მოვნათლე. ბუნებრივია, მათი აზრი არ მიკითხავს, მაგრამ ბავშვები უკვე თავად მთხოვენ ეკლესიაში წაყვანას. ვერ ვიტყვი, რომ წირვის დროს პურს გარდასახულს ხორცად და ღვინოს გარდასახულს სისხლად განსაკუთრებული გემო აქვს, რითაც პატარებს მიიზიდავდა. ბავშვებს სულიერი შიმშილი აქვთ და ძალიან უხარიათ ზიარების მიღება.

მრწამსში სულიწმინდასთან დაკავშირებით წერია: “რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ“… შეიძლება ეს მივიჩნიოთ იმის დასტურად, რომ სულიწმინდის მადლს ადამიანები ნათლისღების გარეშეც იღებდნენ?

– რა თქმა უნდა, მღვდელი ამბობს ასეთ სიტყვებს „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმინდისა“ და სცხებს მირონს. მირონის ცხების ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მომდინარეობს. მაგალითად, დავით მეფის თავზე დაღვრილი ზეთი იმ კურთხევის გამოხატულებას ნიშნავს, რომელიც უფლის მიერ მასზე გარადამოვიდოდა. დაბადების წიგნის სიტყვები „დასაბამად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“, და იოანეს სახარების დასაწყისი „პირველად იყო სიტყვა“ – ძველ ბერძნულ თარგმანში ორივე იწყება სიტყვებით „ენ არხე“, რაც ნიშნავს დასაბამს. სწორედ ეს კავშირი, ტექსტოლოგიური „ენ არხე“ მიგვანიშნებს, რომ ძველსა და ახალ აღთქმაში მოქმედებს ერთი და იგივე ღმერთი და მისი მადლი ორივე აღთქმის მოქალაქეებს გადაეცემოდათ.

რით განსხვავდება ნათლისღება სულთმოფენობისგან?

– როცა ქრისტე აღდგომის შემდეგ დახშულ კარში შედის და მოწაფეებს ეცხადება, იქვე წერია, „მიჰბერა მათ სულიწმინდა“, მაგრამ ჯერ კიდევ არა აქვთ მიღებული სულიწმინდა, ამიტომაც აზუსტებს ქრისტე, რომ შემდგომად არამრავალთა დღეთა მათ მოევლინება სხვა იგი ნუგეშისმცემელი. იგივე ხდება ნათლისღების დროს: წყალკურთხევის შემდეგ პირველი რიტუალური ქმედება, რასაც მღვდელი აღასრულებს, ესაა შებერვა. შეფუცების ლოცვების წაკითხვის შემდეგ სცხებს მირონს, და იტყვის „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმინდისა და ამის შემდეგ ხდება წყალში შთაფლვა.

რაც შეეხება განსხვავებას, სულთმოფენობა ერთჯერადი აქტია ეკლესიის ისტორიაში, რომელიც იოელის წინასწარმეტყველების თანახმად იყო უწყებული: „მივფენ იმ დღეს სულისაგან ჩემისა და იწინასწარმეტყველებენ ძენი და ასულნი თქვენნი და მოხუცებულნი ხილვას იხილავენ“. უწყება, რომ სულიწმინდის მადლი ერგასობას, ანუ აღდგომიდან 50-ე დღეს გადმოვიდოდა, უკვე არსეობობდა ძველ აღთქმაში – ღმერთი თავად ნათლავს თავის მოციქულებს, მოციქულთაგან კი ჩვენ გადმოგვეცემა ნათლისღების მსახურება, რომლის წინასახე და ყველაზე უხეში ფორმა იყო წინადაცეთა.

რამდენად დასაშვებია არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა მონათლოს მართლმადიდებელი ან პირიქით?

 – ჩვენ ვეკითხებით ნათლიას: „შედგომილ ხარ ქრისტეს და ქრისტეს ეკლესიას?“ რაზეც ნათლია გვპასუხობს „დამოწაფებულ ვარ.“ თუ დამოწაფებეულია, შეუძლებელია იყოს დოგმატურ ცდომილებაში და სხვაგვარად ხედავდეს იმ სინამდვილეს, რაც უკავშირდება დოგმატის ნაწილს. ამიტომ სანამ დოგმატური კუთხით ეს ხარვეზი არ გამოსწორდება, მანამდე ნათლია ვერ გახდება.

საბჭოთა პერიოდში დაბადებული ბევრი ადამიანი დარწმუნებული არაა, რომ მათი ნათლობის რიტუალი სწორად ჩატრადა. რას ურჩევთ მათ?

– იმ დროს უშიშროების მიერ ეკლესიაში ჯაშუშები იყვნენ შეგზავნილები და ადამიანს არსენა ოძელაშვილის სახელზეც კი ნათლავდნენ. არებობს 90-იან წლებში გადაღებული ვიდეოჩანაწერი, დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ტაძარია, სადაც სიჩქარის თუ დაუდევრობის გამო მღვდელი მამის, ძის და სულიწმინდის სახელზე ნათლობის ფორმულირებას სწორად არ აყალიბებს. თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება ნათლობის მართებულობაში, გამოსავალი არსებობს. მღვდელი იტყვის გამონაკლისის სახით: „უკუეთუ არა ნათელღებულ არს“ და მოინათლება ჩვეულებრივად.

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 165 times, 1 visits today)

კომენტარები