საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დედაქალაქში გრძელდება. პროექტს კანონმდებლები მოსახლეობასთან ერთად დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში, მთაწმინდაზე, ვაკეში, დიდუბეში, ჩუღურეთსა და ისან-სამგორში განიხილავენ. მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, სახალხო განხილვებისა და ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობის შემდეგ რამდენიმე ცვლილება, მათ შორის გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი გადაიხედოს.

კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპი დღეს დასრულდება. ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ ივნისში დაიწყებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ თბილისის საბურთალოს რაიონის მოსახლეობას გააცნეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარედგინათ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში ჩაიშალა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დამატებითი განხილვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

(Visited 42 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*