ჭარბწონიანობა რომ ერთ-ერთი გავრცელებული სენია, არ ვდაობთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არანაკლებ საგულისხმოა იმ ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც სასწორი ნორმაზე ნაკლებ კილოგრამებს  უჩვენებთ. ხშირ დიეტებსა თუ შიმშილობას ადამიანები, ხშირად, სავალალო შედეგამდე მიჰყავთ, ძალით ჩამოკლებული კილოგრამების აღდგენა კი, მარტივი როდია. „თბილისი თაიმსი“ აღნიშნული საკითხით დაინტერესდა. რამდენად დიდია წონაში მომატების მსურველი პაციენტების რიცხვი, როგორ შეიძლება კილოგრამების მომატება და, ზოგადად, რა არის ანორექსია და როგორ ვებრძოლოთ მას? აღნიშნულ აქტუალურ საკითხებზე, ენდოკრინოლოგ – ლაშა უჩავას ვესაუბრეთ.

წონაში მომატების მსურველი პაციენტების რიცხვი რამდენად დიდია? უმეტესად საქმე რასთან გვაქვს, ნაკლები წონა გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული? ნაკლები წონის პრობლემა კვებასთან რამდენადაა დაკავშირებული, ამ შემთხვევაშიც  მიზეზად ჯანსაღი საკვების ნაკლებობა ხომ არ შეიძლება დასახელდეს?

– საკმაოდ საინტერესო საკითხია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წონის მატება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მისი კლება. რა თქმა უნდა, ადამიანის კონსტიტუციური აღნაგობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის გენეტიკურ ფაქტორზეც, თუ როგორი მეტაბოლიზმი აქვს ორგანიზმს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში წონის პრობლემა არასწორი კვების დროს  ჩნდება.

რაც შეეხება მომართვიანობას, ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჭარბი წონის ან სიმსუქნის დროს, მაგრამ ძალიან ხშირად მოგვმართავენ სიგამხდრის პრობლემითაც, რომელიც ძირითადად მოზარდობის პერიოდში (თინეიჯერულ ასაკში) ჩნდება ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ის დაკავშირებულია ე.წ. „დიეტებთან“ – შიმშილობასთან, რომელიც ორგანიზმში იწვევს ნივთიერებათა ცვლის შეცვლას და, შესაბამისად, ჩნდება პრობლემები.

რას ურჩევთ ადამიანებს, რომელთაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ? როგორ შეიძლება წონაში მომატება? თუ არის რაიმე სახის პროდუქტები, რომელთა მიღებისასაც ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება და წონა მოიმატებს? თქვენი რეკომენდაცია როგორია?

გარდა კვებისა, ისევე როგორც წონის კლებისას, ამ დროს ფიზიკურ აქტივობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წონის მატებაზე, აქ ვგულისხმობთ კუნთოვანი მასის გაზრდას და არა ცხომოვანი მასის მატებას ორგანიზმში, რა დროსაც  ფიზიკური აქტივობაა მნიშვნელოვანი და ამასთან საკვებ რაციონში სასურველია ცილოვანი პროდუქტების გაზრდა, რათა გავზარდოთ კუნთოვანი მასა.  როგორც წონის კლებისას, ასევე მატებისას, აუცილებელია ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა, აუცილებელია შემოწმებული იყოს ორგანიზმში გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები და თუ რომელიმე მიკრო-მაკროელემნეტის ან ვიტამინის დეფიციტი დაფიქსირდა, პრობლემა უნდა აღმოიფხვრას.

რა შემთხვევაში შეიძლება დაემართოს ადამიანს ანორექსია?

– ანორექსია არის ნეიროფსიქოლოგიური დაავადება, რა დროსაც ენდოკრინოლოგი ნეიროფსიქიატრთან ერთად ერთვება მკურნალობაში და პაციენტს  კვების სტილს განუსაზღვრავს. მკურნალობაში ძირითად სამუშაოს ფსიქიატრი-ფსიქოთერაპევტი ასრულებს. ანორექსიას ხშირ შემთხვევაში წინ უძღვის ბულემია (როდესაც პაციენტს აქვს მუდმივად შიმშილის შეგრძნება), რა დროსაც პაციენტები მიმართავენ პირღებინებას, რადგან ფიქრობენ, რომ ეს პროცესი დაეხმარებათ წონის კორექციაში, ამ დროს ირღვევა ადამიანის ფსიქიკა და ნივთიერებათა ცვლა, რასაც მოყვება ანორექსიის განვითარება, რომელიც რთულად სამკურნალოა. ასევე, არასწორი დიეტებისა და შიმშილის ფონზე ძალიან ხშირად ირღვევა ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსი, რასაც მოყვება ჰორმონალური დისბალანსი, მეტაბოლიზმის ცვლილებები, ფსიქიკური აშლილობა და ვითარდება დაავადება ანორექსია. ანორექსიით, მეტწილად, მოზარდობის პერიოდში ავადდებიან.

დაავადების პროვოზირებაში, ხშირ შემთხვევაში, დიდ როლს ასრულებს პაციენტის გარემოცვა (წონასთან ქილიკი, მშობლების დიდი წონა, რომელიმე მეგა ვარსკვლავისადმი ფანატიზმი და ა.შ.), ამიტომ, თუ შევამჩნევთ, რომ მოზარდი უარს ამბობს საკვების მიღებაზე, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ, რადგანაც ანორექსია საკმაოდ რთული დაავადება გახლავთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ლატალური შედეგით სრულდება.

ნინო ზარიძე

(Visited 2,171 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*