საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ ბათუმში პირველი და აჭარის რეგიონში ერთადერთი, სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი გაიხსნა.

აღნიშნულმა პროექტმა, საქართველოს ბანკის მიერ სოციალური მეწარმეობის შესახებ გამოცხადებულ მესამე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ბანკმა პროექტი 50.000 ლარით დააფინანსა. აჭარის რეგიონში, როგორც ტურისტულ ზონაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სივრცისა და სერვისების არსებობა ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის.

სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მოეწყო, რომელიც პანდუსითა და ამწით აღიჭურვა. ჰოსტელში განთავსებულია 30 საწოლი, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთახი და ერთი ლუქსი. ჰოსტელი ვიზიტორებს უზრუნველყოფს შემდეგი სერვისებით: სტუმრების 24 სთ-იანი მიღების სერვისი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ტურისტული საინფორმაციო მომსახურება, გასართობი და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცე. ჰოსტელის ეზოში განთავსებულია ველოსიპედისა და ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკირების ზონები. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორიაზეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ქალაქის ყველა უბანთან და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირება.  სოციალური საწარმოს მიზანია, ჰოსტელის შემოსავლის ნაწილი, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას, კერძოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდეს. ამასთან, სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელის საქმიანობა შშმ პირების გააქტიურებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ დასაქმებასაც უზრუნველყოფს.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*