არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

“თბილისი თაიმსი” სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელი სახით გთვაზობთ:

„როგორც საქართველოს სახალხო დამცველისათვის გახდა ცნობილი, 29 მაისს, საღამოს, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. ოჯახის წევრის განმარტებით, მისი ჟურნალისტური საქმიანობა მიმართული იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებების გამოაშკარავებისაკენ. ამავე პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში აფგან მუხთარლის უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კი უკვე მიმართეს პოლიციას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა ზომა დანაშაულის დროულად აღსაკვეთად, ხოლო შემდეგ ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად და მათთვის ადეკვატური სასჯელის დასაკისრებლად. საქართველოს სახელმწიფომ სრულად უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის უფლების დაცვა. მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. საქართველოში მცხოვრებ უკლებლივ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და კანონიერი, სამართლიანი მოპყრობის განცდა. არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები