“ადვოკატების გამოსვლის შემდეგ, ჩვენ დაგვებლოკა პატრიარქთან შესვლის უფლება, აღარ გვახვედრებენ პატრიარქს. რამდენიმე მღვდელს სურდა მამა გიორგისთან შესვლა, რომ აღსარება მიეღო, ზიარება მიეცა მისთვის და კატეგორიულად იყო მეუფე იაკობისგან აკრძალვა”. ამის შესახებ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ “რუსთავი 2”-ზე, გადაცემა “არჩევანის” ეთერში ისაუბრა.
“როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდა გერმანიიდან, მას შეხვდნენ ჩვენი ადვოკატები. უწმინდესმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს და რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. პატრიარქმა ჩვენს ადვოკატებს უთხრა, რომ მამა გიორგი არ უნდა იყოს ციხეში, ის უნდა გათავისუფლდეს თავდებით და შეეკითხა ადვოკატებს, თუ როგორ ხდება ეს იურიდიულად. ჩვენმა ადვოკატებმა პატრიარქს აუხსნეს, რომ მამა გიორგის გათავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა მისი შუამდგომლობით, რაზეც პატრიარქმა ჩვენს ადვოკატებს დაუდასტურა, რომ ის მზად იყო ამისთვის.
ახლაც საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ვითხოვთ პატრიარქთან შეხვედრას, რადგან პატრიარქი არის სულიერი მამა. ჩვენც, მამა გიორგის ოჯახიც სულიერი შვილები ვართ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ გვბლოკავს მეუფე იაკობი. პატრიარქისგან ორპირობა არასდროს გაგვიგია. გვსურს გავიგოთ, რატომ გამოდიან მისი სახელით სხვა ადამიანები და საზოგადოების წინაშე ცრუობენ.
მე რამდენიმე მღვდელს შევხვდი თბილისში, ვთხოვე მამაოსთან შესულიყვნენ და მითხრეს, მე პირადად მაქვს სურვილი, რომ შევიდე მამა გიორგისთანო, მოვისმინო, ვაზიარო, მისგან გავიგო ეს ყველაფერი, მაგრამ მეუფე იაკობისგან კატეგორიულად არის აკრძალვაო” , – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მანანა ღოღობერიძე