საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებასა და აზერბაიჯანის საზღვრის კვეთისთივს დაკავებასთან საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“უპირველეს ყოვლისა ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს როგორც ჟურნალისტიკის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რეგიონში ლიდერის როლი. ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია. ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ადვოკატის მიერ, ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან, იქნება ეს ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან ადამიანის გაქრობა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა. გამოწვევა, რომლის კონტექსტშიც ბუნებრივია, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეებიც, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.