“დღეს პირდაპირ უნდა დადგეს სამართალდამცავი უწყებების და სუს-ის კრიმინალური პასუხისმგებლობის საკითხი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო უშუალო გამტაცებელი”. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.
“საქართველო რეგიონში აღარანაირი შუქურა არ არის. თუ არის დასაშვები, რომ ვიღაც ქუჩაში იტაცებს ადამიანს დღისით და მზისით, ეს ნიშნავს,რომ ჩვენ ვცხოვრობთ დაუცველ გარემოში და სახელმწიფო უწყებები ფუნქციებს ვერ ასრულებენ. ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან.
თუ ეს ინფორმაცია დასტურდება, ადამიანი გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან, ამის შესახებ კი უნდა გვაცნობონ უახლოეს მომავალში, რომ ვიცოდეთ რეალურად რა მოხდა. გატაცება მოხდა თბილისის ცენტრალური უბნიდან,სადაც არის იტალიის საელჩო, უამრავი სათვალთვალო კამერა და არ მესმის, რატომ სჭირდება გამოძიებას დრო მტკიცებულებების წარსადგენად.
საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე აღებული აქვს მთელი რიგი ვალდებულებები, როგორც ქვეყანას, რომელიც არის ევროსაბჭოს წევრი, აქვს ასოცირების ხელშეკრულება. ბოლოსდაბოლოს საკუთარი კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც იცავს თანაბრად ყველა ადამიანს კანონის წინაშე. ხელისუფლებამ ეს ვალდებულებები დაარღვია უხეშად”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე