“სტრასბურგს უნდა კიდევ უფრო კარგი, კიდევ უფრო მდიდარი გამოცდილების და გარკვეული ასაკის მქონე კანდიდატები. ევროპაში ასაკი თავისთავად ასოცირდება მეტ გამოცდილებასთან”. სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “მთავარის” ეთერში ისაუბრა.

“ამ 5 კანდიდატიდან საქართველოს მთავრობამ ნებისმიერი სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს. წინა ჯერზე მთავრობამ შეარჩია პირველი სამი ქულების მიხედვით, რაც ნიშნავს სამ საუკეთესო ქულიანს. იმის ძახილი,რომ იმ 5 კანდიდატიდან რომელიმე არაკვალიფიციური იყო, არის შეურაცხმყოფელი. ვისურვებდი,რომ კენჭისყრა არ გახდეს საჭირო მთავრობის სხდომაზე, რადგან შესაძლოა რაღაც ჯგუფი იყოს წინააღმდეგი.

მიხარია, რომ ამ სიაში მოხვდა ლადო ჭანტურია, რომელზეც იყო სრული კონსენსუსი. ასევე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სოფო ჯაფარიძემ, ვნახოთ რას იტყვის თავად სტრასბურგი. ამ სიაში გვყავს ღირსეული ადამიანები,ისევე,როგორც წინა სიაში. ახლა უკვე ბურთი და მოედანი ევროსაბჭოს ხელშია,რომ გვითხრას თავისი აზრი”.

იუსტიციის მინისტრმა საქართველოდან ჟურნალისტის გატაცების ფაქტზეც ისაუბრა და ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა კიდევ ერთხელ უარყო.

“ეს ფაქტი არის უსიამოვნო როგორ სასაუბრო,ასევე სამართლებრივ ენაზე, უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულად. ამიტომ დაიწყო მყისიერად გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა პროცესში შესაძლოა სხვა მუხლებიც შემოვიდეს. მოვისმინე შემაშფოთებელი ბრალდებები ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან. აბსოლუტურად გამორიცხული და გაუგონარია ჩვენი სტრუქტურების მონაწილეობა ამ შემთხვევაში. ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს და სამართალდამცველების რეპუტაციას ეხება, თუ რამდენად სწრაფად გამოიძიებენ” , – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*