სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს ასაჯაროებს. მაკონტროლებელმა უწყებამ სხვადასხვა სამინისტრო და მათ მიერ განხორციელებული პროექტები შეისწავლა. დადგინდა სხვადასხვა სახის ხარვეზი ფინანსურ ნაწილში, რამაც რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.

„სულ სამსახურმა ჩაატარა 71 აუდიტი, რამაც ჯამში მოიცვა 10.3 მილიარდი ლარის ხარჯი.  ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის, შესყიდვების მართვის მიმართულებით არსებული ხარვეზების მოცულობამ – 32 მილიონ 8 ათასი ლარი, საბიუჯეტო რესურსების მართვის მიმართულებით – 33 მილიონ 4 ათასი ლარი, აქტივების მართვის მიმართულებით – 5 მილიონი ლარი“, – განაცხადეს ნინო ლომჯარიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დედაქალაქის მერიის შემოწმებასაც ახორციელებს, რომელიც საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მიწების გადაცემის სკანდალს უკავშირდება.

თუმცა, აღნიშნული საკითხი დღევანდელ ანგარიშში ვერ მოხვდა. როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ განმარტა, ამის მიზეზი არის ის, რომ ამ კონკრეტული ფაქტის შესწავლა მიმდინარე წელს განხორციელდა, დღეს გასაჯაროებული ანგარიში კი, შეეხება სახელმწიფო აუდიტის საქმიანობას გასულ წლებში.

კითხვაზე, მერიის შემოწმების დროს ხომ არ გამოიკვეთა ის ტენდენციები, რასაც ადგილი ჰქონდა ყოფილი მთავარი პროკურორის შემთხვევაში, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მერიის საქმიანობის შესწავლა ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება.

„ამ ეტაპზე მე ვერ გეტყვით თუ რა მიმართულებებით გამოიკვეთა ხარვეზები იმიტომ, რომ დღეს მიმდინარე აუდიტი სწავლობს სწორედ ქონების მართვის მენეჯმენტის საკითხებს. ამიტომ, მსგავსი ტიპის საკითხები იყო თუ არა მერიაში, გამოიკვეთება და ვიტყვით მაშინ, როდესაც დასრულდება აუდიტი,“ – განაცხადალომჯარიამ.

(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები