დეკანოზი მერაბ დეკანოსიძე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის აღმშენებელი და მისი წინამძღვარია. მამა მერაბი პროფესიით ინჟინერი, მხატვართა კავშირის წევრი, მუსიკოსი და თეოლოგია. მის მიერ დაწერილი ხატების დიდი ნაწილი ამავე ტაძარში ინახება. ტაძარმა იმითაც გაითქვა სახელი, რომ აქ მისულ დიდი ხნის უშვილო წყვილებს, შვილები შეეძინათ. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს მამა მერაბთან.

რამდენი ხანია რაც უშვილო წყვილებმა თქვენთან დაიწყეს სიარული?

–  დაახლოებით 5-6 წლის წინ ჩემ მიერ დაწერილი ხატი სახლში წააბრძანა ჩვენივე მრევლის წევრმა, რომელსაც შვილი დიდხანს არ უჩნდებოდა. ამ შემთხვევის შემდეგ მალე დაფეხმძიმდა. ამის შემდეგ კიდევ 32 უშვილო წყვილი გაბედნიერდა შვილის შეძენით. ხატებს მირონი სდიოდა. ხეიბრები დავლოცე და ისეთმა ავადმყოფებმა გაიარეს, არასდროს რომ გაუვლიათ. ერთხელ ერთმა გოგონამ მითხრა, მამაო დამლოცე, რა მადლიანი ხელი გაქვს, რვა წელია შვილს ვნატრობ და არ მიჩნდებაო. მე ვუთხარი სამ თვეში გეყოლება-მეთქი. მართლაც მოვიდა სამ თვეში, ორსულად იყო უკვე. მისი ბავშვი კი ჩემი მონათლულია. კიდევ იყო ერთი ქალი, რომლესაც 18 წელი შვილი არ უჩნდებოდა. მას ვუთხარი ერთ თვეში დაფეხმძიმდები და ტყუპები შეგეძინება-მეთქი, მართლაც ერთ თვეში დაფეხმძიმდა. მერე ტელევიზიითაც გავრცელდა ეს ამბავი და კიდევ მეტი უშვილო წყვილი დაინტერესდა ჩვენი ტაძრით და აქ მომხდარი სასწაულებით.

თქვენი ოჯახის შესახებ მომიყევით, თუ გყავთ შვილები?

–  მე დეკანოზი ვარ, გამშვენებული ჯვრით და ამავე ტაძრის წინამძღარი გახლავართ. ხუთი წელია ეკლესიაში ვცხოვრობ, აქვე მაქვს სახელოსნო. დიდი ხანია, არ ვყოფილვარ სახლში, რადგან აქაურობას ვერ ვშორდები. ბერი არა ვარ, მაგრამ ბერულად ვცხოვრობ. ადრე დიდ დიღომში გატეხეს ეს და სხვა ტაძრებიც. აქ სულ ჩემი ხელით დაწერილი ხატებია, ამდენი ვიწვალე და ვინმემ რომ გაანადგუროს, ვერ გადავიტან. სასწაულები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძარში გადმოვედი და აქვე საცხოვრისი მოვიწყე: დასაძინებელი, სატრაპეზო და სახელოსნო. ხანდახან გადავდივარ ხოლმე ბავშვების სანახავად, აქვე ცხოვრობენ, ნახევარ კილომეტრში. მყავს ერთი შვილი. რვა გვინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მეუღლემ ვერ შეძლო. თხუთმეტჯერ იყო ფეხმძიმედ და მხოლოდ ერთი შვილი შევინარჩუნეთ. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს უშვილობა. პროფესიით მეუღლე ბიოლოგია. ჩემი ბიჭი ოცდათორმეტი წლისაა, იურიდიული დაამთავრა და ახლა კომპიუტერულ ფირმაში მუშაობს, სადაც პიარის მენეჯერია, ასევე სპორტსმენია, მხატვარი და მუსიკოსი – ჩემსავით მარავლპროფილიანია. ადრე აპირებდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო, მაგრამ ჯერჯერობით თავი შეიკავა. მყავს ორი შვილიშვილი.

თქვენთვის რას ნიშნავს სასწაული?

–  რაც ჩვეულებრივ ყველას ცხოვრებაში ხდება და მეორდება, როგორც წესი, არ მიაჩნიათ სასწაულად – მაგალითად, დილით რომ უნდა გათენდეს და მერე დაღამდეს, მაგრამ თავისთავად ესეც სასწაულია. არის განსაკუთრებული შემთხევევებიც, რომლებიც თითქოს ამქვეყნიურ კანონზომიერებებს ეწინააღმდეგებიან და მათაც სასწაულებს ვუწოდებთ. მაგალითად, იყო ერთი სიმსივნით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ექიმები ვეღარ აძლევდენენ იმედს და დალოცვის შემდეგ შეძლო წამოდგომა. ისიც სასწაულია, ადამიანი მოულოდნელად რომ დაიწყებს ხატვას. აი, თუნდაც სპირიდონ ტრიმიფუნტელი სამარხიდან დგება და ფეხსაცმელი უცვდება, ამიტომ წელიწადში ორჯერ უცვლიან. ასევე სასწაულია ისიც, ზოგიერთ წმინდა მამათა ნეშტი რომ უხრწნელადაა შემონახული.

ერთი სასწაული მოხდა ჩვენი ტაძრის ეზოში, რასაც 200 მოწმე ჰყავს. ტაძრის ფუნდამენტს რომ ვაშენებდით, წმინდა ნიკოლოზი გამომეცხადა, ურიკა მომიტანა და გაუჩინარდა. როცა მამა გაბრიელის საფლავი იხსნებოდა, მაშინ თავად მამა გაბრიელი გამომეცხადა, მითხრა დამხატეო. იმ ღამესვე დავხატე. ეს ხატიც ჩვენს ტაძარშია დაბრძანებული. საინტერესოა, რომ ხატებს ბევრი წერს, მაგრამ სასწაულები ასე ხშირად არ ხდება.  თუნდაც 500 ბავშვი რომ დაიბადა ამ ტაძრისა და ხატების, რაც მთავარია, უფლის მადლით, ესეც ხომ სასწაულია…

რამდენი ხნის წინ დაიწყეთ ტაძრის მშენებლობა?

–  ტაძრის პროექტის ავტორი მე ვარ. ადრე სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ვიყავი, ახლა როგორც ინჟინერი ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ასევე მხატვარი, მუსიკოსი და ფაზისის ღვთისმეტყველი გახლავართ. ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დავიწყეთ და თითქმის ერთ წელში დავასრულეთ. შემოწირულობების შესაგროვებლად დავდიოდით ჩვენი მრევლის წევრებთან და სტუდენტებთან ერთად. ვარკეთილში საკუთარი სახლიც გავყიდეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომ ტაძარი აგვეშენებინა. ჯერ ჩვენი სახსრებით წამოვიწყეთ და შემდეგ შემოწირულობებით დავასრულეთ. ხალხიც წამოგვეშველა. ტაძარში 400 კაცი ეტევა. პირველად რომ მოვედით ამ მინდორში, პატრიარქის კურთხევით, ჯვარი აღვმართეთ და პარაკლისი გადავიხადეთ. იმ დღიდან დაიწყო ხატმა მირონის დენა, შემდეგ სხვა ხატებზეც გავრცელდა და ამას მოჰყვა ხეიბრების განკურნება და სხვა სასწაულები.

ინფორმაციისთვის, ტაძარი მდებარეობს დიდ დიღომში, მე-4 მიკრო-რაიონში, სკოლასთან ახლოს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599153836

მარიამ ქალებაშვილი

 

 

 

(Visited 670 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*