საქართველოსა და იტალიას აკავშირებთ პარტნიორობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მეგობარ იტალიას და ყველა იტალიელს ეროვნული დღესასწაული, რესპუბლიკის დაარსების 71-ე წლისთავი მიულოცა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-იტალიის ღრმა კულტურულ კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. შესაბამისად, პრემიერის თქმით, სრულიად ბუნებრივია, რომ პირველი ქართულენოვანი ბეჭდური წიგნი – იტალიურ-ქართული ლექსიკონი 1629 წელს სწორედ რომში გამოიცა.

„იტალიელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ასაზრდოებდა ქართველებს, რომლებიც ასევე იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ხოლო იტალიელმა მუსიკოსებმა და არქიტექტორებმა წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. იტალიური საოპერო დასის წყალობით, რომელიც თბილისში 1850-იან წლებში მოღვაწეობდა, იტალიური ბელკანტოს შედევრები თითქმის ერთდროულად იდგმებოდა ევროპის მოწინავე სცენებზე და თბილისის ოპერის თეატრში, რომელიც ასევე იტალიელმა არქიტექტორმა, ანტონიო სკუდიერიმ ააგო. ჩვენ არა მხოლოდ ვამაყობთ ჩვენი საერთო კულტურული ტრადიციებით, არამედ ვამჟღავნებთ საერთო ეროვნულ მახასიათებლებსაც. როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩვენ ორივე ვართ სიცოცხლით სავსე სამხრეთელები, მასპინძლობის, მეღვინეობის, კულინარიისა და სიმღერის დიდი პატივისმცემლები”, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიანი ისტორიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ წლების განმავლობაში იტალია საქართველოს ერთგული მეგობარი და პარტნიორი იყო.

პრემიერ-მინისტრმა იტალიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა რომში ვიზიტი და შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ჯენტილონისთან, რომელზეც მხარეებმა განიხილეს მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, განსაკუთრებით ეკონომიკის იმ სექტორებში, რომელშიც იტალია მსოფლიო ლიდერია, ხოლო საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი იტალიური ბიზნესი მიაღწევს წარმატებას საქართველოში და კიდევ უფრო მეტი იტალიელი ტურისტი ჩამოვა.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გააქტიურება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების დაახლოება დიდი სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და იტალიის ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საზეიმო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*