“როგორ შეიძლება საქართველოში შეწყალებული იყოს პრეზიდენტის ნათესავი და არ შეიძლებოდეს არავის გასამართლება, ვისთან ერთადაც ბაღში ან სკოლაში უვლია. რატომ არსებობს ორმაგი სტანდარტი”. დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა. მან გადაცემაში პრეზიდენტის განცხადება, თორდია-ფარცხალაძის საქმის დეტალები და ქვეყნის კრიზისის მართვის პრობლემები განიხილა.

“აშშ-ში პრეზიდენტ ბუშის ქალიშვილებს ქუჩაში აჩერებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მცირე რაოდენობით ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და ეს ხდებოდა საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალი. ამით აჩვენეს მთელ მსოფლიოს რა არის დემოკრატია და თანაბარი სტანდარტია ყველა შემთხვევაში.

როდესაც აუდიტორს ვხედავთ იარაღით ხელში როგორ მიიწევს ბარის თანამშრომლებისკენ, სწორედ ეს არის ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაა,როდესაც პრეზიდენტი მიიჩნევს,რომ მისი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების დაჭერა, გაჩხრეკვა და დაკავება არ შეიძლება. როდესაც პრეზიდენტი თავის ცოლისძმას შეიწყალებს ისეთ ვადაში და ისეთ დანაშაულზე, რაც სხვა შემთხვევაში არ ხდება. სახელმწიფო მოხელეთა ღირსეული საქციელი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა დისკრედიტაციისგან.

პრეზიდენტი ყოველდღე გვაოცებს მისი განცხადებებით, უცნაური გაგება აქვს, რა არის სახელმწიფო ინსტიტუტები, მათი პატივისცემა და დისკრედიტაცია. თუ სახელმწიფო აუდიტორი იტყვის, რომ მას თავს დაესხნენ და იმ დღესვე, ყოველგვარი გამოძიების გარეშე არ მოხდა მის განცხადებაში ნახსენები პირების დაკავება, წამება და ჩამოხრჩობა, ესეიგი ეს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაა” , – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 53 times, 1 visits today)

კომენტარები