სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, საქართველოში ჩინეთის კონსულთან სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში, ვან ლიენ ფოსთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს და ორწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს.

პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.

 „ჩვენ თანამშრომლობის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, პროექტის პირველი ფაზა წარმატებით განხორციელდა და ამის დასტურია ფერმერების მხრიდან პროექტში ჩართვის სულ უფრო მზარდი  ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგეგმება პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.

სოფელ შულავერში სტუმრებმა იმ ადგილობრივი ფერმერების სათბურები დაათვალიერეს, რომლებსაც ბოსტნეული კულტურები ჩინური ტექნოლოგიით მოჰყავთ. ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე ფერმერს ჩითილები და სათბურების მოსაწყობი მასალა უსასყიდლოდ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე  და სხვა. საქართველოსა და ჩინეთში აღნიშნულმა ჯგუფმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე  400-მდე ფერმერისთვის 10 სასწავლო კურსი საქართველოში და 2 ჩინეთში ჩაატარა.

ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა.

 

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*