“120 ათასზე მეტი ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სახელმწიფოსთვის ბავშვები არ არის პრიორიტეტი. მათი გამოყენება ვერ მოხდება ელექტორალური მიზნით, არჩევნებისთვის”.  ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “რეალური სივრცის” ეთერში ისაუბრა.

“სოციალური მუშაკები და სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში ცდილობენ საქმე მარტივად გადაწყვიტონ. გამოიყვანონ ბავშვი ბიოლოგიური ოჯახიდან, თუ იქ არის პრობლემები, თუნდაც სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის. უმჯობესია, დაეხმარონ ბიოლოგიურ ოჯახს,რომ მათ შეძლონ ის პრობლემები მოაგვარონ და არ დაარღვიონ ბავშვის უფლებები.

სახლიდან გამოყვანა არის ყველაზე მარტივი გამოსავალი, მეტად რთულია სიღარიბესთან, ძალადობასთან, უმუშევრობასთან ბრძოლა. ასობით ასეთი ფაქტი ფიქსირდება. მათ ელემენტარული არსებობისთვის პირობები არ აქვთ. მათი დახმარება არის მიზერული, წლიდან წლამდე მდგომარეოობა არ გვეცვლება.

ეს ციფრები მხოლოდ სტატისტიკად არ უნდა გვექცეს. მის უკან კონკრეტული ოჯახები დგანან. მწირია იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც მიმართულია ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის ბავშვები, ამას მხოლოდ ციფრები არ ადასტურებს” , – განაცხადა ომბუდსმენმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები