ქეთევანი (სახელი შეცვლილია) ოჯახში მეორე შვილია ის 23 წლის წინ თბილისში დაიბადა. საკუთარ ისტორიას იხსენებს – „მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ძმა მყავს, მამას გოგოს დაბადება მაინც არ სურდა. როდესაც გაიგო, რომ დედა ორსულად იყო, ირწმუნა, რომ ისევ ბიჭი ეყოლებოდა. რომ დავიბადე სამშობიაროში არც ვუნახივარ, ეზოში იჯდა დიდი ხნის განმავლობაში და ცდილობდა, შეჰგუებოდა ფაქტს, რომ გოგო ეყოლა და არა ბიჭი. ამბავი თავად მამამ მომიყვა, თან ბოდიშს მიხდიდა, 23 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი, რომ ის გოგო დაიბადა, რომელიც დღეს ჩემი უახლოესი მეგობარიაო“
მჭიდრო სოციალური კავშირები: სამეგობრო წრე, ნათესავები, კოლეგები, მეზობლები, ხშირად შემზღუდველ და რეპრესიულ პირობებს უქმნის ორსულ ქალს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ძალიან ძლიერი წნეხის გაძლება უწევს. ხშირად ქალებს არ აქვთ საშუალება, საკუთარი არჩევანის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება, ვინაიდან სოციუმი ცდილობს ჩაერიოს და გადაწყვიტოს მისი ბავშვის ბედი. შემზღუდველი და რეპრესიული გარემო იყო ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემმა რესპონდენტმა (ანონიმურად დარჩენა არჩია) გადაწყვიტა, ხელოვნურად შეეწყვიტა ორსულობა.
„38 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ რომ ბავშვს ველოდებოდი. ორი ბიჭი მყავს 18 და 16 წლის. როდესაც ბავშვის სქესი შევიტყვეთ, მეუღლემ პირდაპირ მითხრა, რომ მესამე შვილი არ სურდა, რადგან შვილები უკვე ჰყავდა და ბიჭების მომავლისთვის უნდა მიეხედა. მეუღლის დედასაც იგივე პოზიცია ჰქონდა – რომ გოგო შვილი სხვისი შვილია და ამ ასაკში ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებოდა ოჯახს. ჩემს ბიჭებს მეზობლებისა და მეგობრების ერიდებოდათ. ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აბორტი გამეკეთებინა. ახლა გული მტკივა ჩემი საქციელის გამო…“
სელექციურ აბორტს უწოდებენ ფეტუსის რომელიმე არასასურველად მიჩნეული სქესის გამო ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას. საქართველოს სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2016 წელს შობადობის რიცხვმა კაცებში – 28 887 შეადგინა, ხოლო ქალებში – 27 682. გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ აღნიშნულია, რომ სქესთა შორის ბუნებრივ პროპორციად მიჩნეულია, გადანაწილება 100 გოგონაზე 105 ბიჭი. საქართველოში 2008–2012 წლის მონაცემებით ეს პროპორცია 100 გოგონაზე 112 ბიჭის თანაფარდობით გამოიხატება. დაბადებისას სქესთა თანაფარდობის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ საქართველოში სქესის პრენატალური შერჩევა ხდება. გამოკვლევის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში 46% უპირატესობას ვაჟს მიანიჭებდა, 9% კი – გოგოს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ კონფერენციაზე ზემოთხსენებულ ანგარიშში მიღებული შედეგები კულტურულ ნორმებსა და გაბატონებულ შეხედულებებს დაუკავშირა. მისი აზრით, ბიჭებისთვის უპირატესობის მინიჭება საზოგადოებაში არსებულ გენდერულ დისბალანსზე მიუთითებს.
„დიდია იმის ალბათობა, რომ ცვლილებების უმთავრესი წყარო იქნება კულტურული დამოკიდებულებების შეცვლა, რომელსაც შედეგად მოჰყვება ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების ტენდენციის კლება. რაც უფრო სწრაფად მოხდება აღნიშნული ტრანსფორმაციები გენდერულ დამოკიდებულებებში, მით უფრო მცირე იქნება დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის საერთო შედეგები საქართველოს დემოგრაფიულ სტრუქტურაზე მომავალში.“,– აღნიშნავს ლელა ბაქრაძე.
კულტურულ ფენომენზე ამახვილებს ყურადღებას ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე, რომელიც აღნიშნავს, რომ შერჩევითი ორსულობა უპირველესად განათლებასა და ინფორმაციის დეფიციტზე მიუთითებს.
„თუ ოჯახებს არ ჰყავთ ბიჭი შვილი და ჰყავთ გოგოები, როგორც წესი, უფრო ბევრი ბავშვია, რადგან ცდილობენ, რომ გააჩინონ შვილები იქამდე სანამ, არ ეყოლებათ ვაჟი და, პირიქით, თუ მათ პირველი შვილი არის ბიჭი, ბევრად ნაკლები ბავშვი ჰყავთ შემდეგ. ტენდენცია განსაკუთრებით გამოკვეთილია დაბალი განვითარებისა და განვითარებად ქვეყნებში, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს შეხედულება, რომ გოგო უნდა გათხოვდეს და ოჯახიდან წავიდეს, ხოლო ბიჭი ასოცირდება მარჩენალთან, რომელიც სიბერეში მშობლებს მოუვლის.“
„საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ აღნიშნულია, რომ ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა დასაშვებია, მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, თუ ორსულობის პერიოდი არ აღემატება 12 კვირას, პაციენტს უკვე ჩაუტარდა წინასწარი კონსულტაცია და გასულია 5 დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. აბორტი დასაშვებია ორსულობის 22–ე კვირამდე სოციალური ან სამედიცინო მიზეზის გამო. როდესაც სელექციურ აბორტზე ვსაუბრობთ, ორსულობის 12 კვირის შემდგომი პერიოდი იგულისხმება, რადგან ამ ეტაპზე ექიმებს ბავშვის სქესის დადგენა უკვე თავისუფლად შეუძლიათ და აბორტის გასაკეთებლად კომისიის გადაწყვეტილების შედეგად გაცემული სპეციალური სამედიცინო ჩვენებაა საჭირო. მოთხოვნების გათვალისწინებით, კანონის მიხედვით ქალებისთვის სქესის შერჩევის გზით აბორტის გაკეთება დიდ სირთულესთან უნდა იყოს დაკავშირებული, თუმცა როგორც გაეროს ფონდის 2015 წლის კვლევაშია – „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ აღნიშნული, არსებობს ირიბი ჩვენებები იმისა, რომ ექიმების გარკვეული ნაწილი ამ პერიოდს არ იცავს და დაუყონებლივ უკეთებს ქალებს აბორტს.
ასოციაცია „ჰერა XXI–ის“ მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევა – „აბორტის სერვისის ხელმისაწვდომობისა და მზაობის შეფასება“, რომელშიც აღნიშნულია, საქართველოში კანონი არ განსაზღვრავს აბორტის პროცედურის საფასურს. პრეაბორტული კონსულტაციის დროს ექიმები პაციენტებს აწვდიან ზედაპირულ ინფორმაციას პროცედურის, მეთოდებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რის გამოც ქალი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე.
ყურადღების მიღმა დარჩენილია ის ფაქტიც, რომ საქართველოში არ მოქმედებს აბორტის პროცედურის მეთვალყურეობის ცენტრები, რომლებიც უშუალოდ აბორტის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს და გააკონტროლებენ რამდენად კანონიერად ხდება ქვეყნის მასშტაბით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა და საქართველოს შრომისა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტასთან დაკავშირებული პროტოკოლისა და გაიდლაინების დაცვა.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მარინა ბაიდაური აღნიშნავს, რომ ცალკე აბორტის პროცედურის დაცვასთან დაკავშირებული კვლევა ან ანგარიში არ არსებობს, რადგან ის სხვა სამედიცინო მომსახურებებთან ერთად კონტროლდება.
„აბორტის პროცედურა არის სამედიცინო მომსახურება და ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე კონტროლი გულისხმობს არსებული პროტოკოლის ან გაიდლაინის დაცვის კონტროლს. როდესაც განხორციელდება დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი, მოწმდება ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც პროტოკოლის შესრულებას უკავშირდება“.
გაეროს ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 1990 წლიდან 2010 წლამდე 25 000 გოგონა გაუჩინარდა. სახელმწიფო ვერ კრძალავს მომავალი მშობლებისთვის ბავშვის სქესის გამჟღავნებას, ვინაიდან ამის ცოდნა ადამიანის უფლებაა, თუმცა მას შეუძლია, შეისწავლოს აბორტის პრაქტიკის გამომწვევი მიზეზები სპეციფიკურად საქართველოს მაგალითზე, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დაცვას და საზოგადოებაში ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპების დაძლევას.
ნანუკა მაღლაკელიძე