ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა ნიკა გვარამიამ, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, – წერს “ნეტგაზეთი” რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, უცნობია გვარამიას გადადგომის ზუსტი მიზეზი. “მან რამდენიმე დღის წინ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუკი არხზე ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, გადადგებოდა. მისი თქმით, დრო ამისთვის სექტემბრამდე ჭირდებოდა”.
თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2–ის გენდირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი შეხვდა კიევში მიხეილ სააკაშვილს, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, იქნება თუ არა ენმ–ს მერობის კანდიდატი თბილისში.
გუშინ, 7 ივნისს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა გიორგი ლაფერაშვილმა და მისი ადგილი ნოდარ მელაძემ დაიკავა.
ჩვენ ვცდილობთ ტელეფონით დაკავშირებას ნიკა გვარამიასთან, ზაალ უდუმაშვილთან, გიორგი ლაფერაშვილთან, ნოდარ მელაძესთან, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობენ, – წერს ნეტგაზეთი.
გვარამია ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა. ნიკა გვარამია 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი, 2007 წლიდან 2008 წლის 31 იანვრამდე კი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.