„კონსტიტუცია, სამწუხაროდ, გახდა რამდენიმე კარგი სადღეგრძელოს შემცველი. „გაუმარჯოს ნამდვილ ქართულ ოჯახს“ – გაუმარჯოს? გაუმარჯოს!ჩავწეროთ“. ამის შესახებ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

„მეორე, „არ გავყიდოთ ქართველებო საქართველო“! ჩავწეროთ. „მოდი ჩვენს ძმებს გაუმარჯოთ ნატო-ში და ევროკავშირში“! მოდი ეგეც ჩავწეროთ. დედმამისშვილებიც რომ მიგვეყოლებინა, მგონი დაბალანსდებოდა ყველაფერი.რაც შეეხება ქორწინებას, ეს საკითხი სამოქალაქო კოდექსით არის დარეგულირებული. რითი არის შეუსაბამო სამოქალაქო კოდექსი? რითი არ გვყოფნის? რატომ გვინდა ავიტანოთ კონსტიტუციამდე? ახლა გავიგეთ იგივე სადღეგრძელო – „გაუმარჯოს კარგ ქართულ ოჯახს“.

ყველა ხელისუფლებას აქვს პოპულიზმის უფლება და მე მაინცდამაინც არ მაღიზიანებს, რადგან არც ერთი ჩანაწერი კატასტროფული არ არის და არ მიქმნის პრობლემას. თუ ხედვა არის, ამ ჩანაწერით და ამ ჩანაწერის გარეშეც შევძლებთ რაღაცის გაკეთებას“.

პრეზიდენმა თოქ-შოუ „რეაქცია“-ს ეთერში, შესაძლო გადადგომაზეც ისაუბრა და განაცხადა,რომ თანამდებობის დატოვებაზე ბევრჯერ უფიქრია.

„ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში გადადგომაზე, რა თქმა უნდა, მიფიქრია და ეს ბუნებრივია, რადგან როცა შენ გეგმავ მომავალ ნაბიჯებს, მათ შორის ყოველთვის არის ესეც, როგორც ექსტრაორდინარული ნაბიჯი. ამ ეტაპზე იმ სქემას, რომელიც იქნა წარმოდგენილი, რომ ჩემი გადადგომის პროცესით ინიცირება მოხდეს ამ სქემის, ასე ნათლად ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ხელოვნური პროცესებით და იურიდიული გაჯანჯლებებით არ შეიძლება შედგეს პოლიტიკური პროცესი.

ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ძალიან მაღალი წოდება და ტიტული, ადამიანმა ეს უნდა მიიღოს არა რაღაცნაირი გვერდითი კარიდან და ხელოვნურად შექმნილი პროცესის შედეგად, არამედ ამ ტიტულს უნდა ატარებდეს სრულიად სამართლიანად. გადადგომის თაობაზე ბევრჯერ მიფიქრია, როგორც მეტი სიკეთის მიღწევის საშუალებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში – არა“ , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*