ღვთისადმი თაყვანისცემას ადამიანები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ: ლოცვით, მარხვით, მეტანიებით, ტაძრის შესაწირისა თუ ღარიბთათვის მოწყალების გაღებით. თაყვანისცემის აქტში ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სურვილი, რომ მის მიერ გადაგმული ნაბიჯით ადიდოს უზენაესი არსება, რომლისგანაც მიიღო ყოველივე – სიცოცხლე თავისი სევდითა თუ სიხარულით. თაყვანისცემა მაშინ კარგავს აზრს, თუ მხოლოდ სხვისი თვალის მოხიბლვას ემსახურება. ამის დასტურად, სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის ამბის დამოწმებაც შეგვიძლია.

მეტანია ქრისტიანობაში, და არა მხოლოდ, ღმერთის თაყვანისცემის ფორმაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, „თბილისი თაიმსს“ მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი ესაუბრა.

რას ნიშნავს მცირე და დიდი მეტანია?

მცირე თუ დიდი მეტანია ღმერთის თაყვანისცემის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ჩვენი სხეულით ვასრულებთ. ადამიანი არა მხოლოდ სულიერი, არამედ ხორციელი, მატერიალური არსებაცაა, შესაბამისად, ჩვენი ლოცვის აქტში მონაწილეობს არა მხოლოდ გული და გონება, ანუ ჩვენი სული, არამედ მთლიანად სხეული. ადამიანი თუ შეუძლოდ არის, შესაძლოა იჯდეს კიდეც და მეტანიები არ შეასრულოს, მაგრამ შეზლონგზე წამოწოლის ვერავის ნახავთ. ფეხზე დგომით თუ მუხლზე ჩოქვით ადამიანი ცდილობს, იყოს მობილიზებული და თავს მოდუნების უფლება არ მისცეს. განმარტებისთვის, მცირე მეტანია გულისხმობს პირჯვრის გადაწერას და წელში მოხრას ისეთ დონემდე, რომ ხელით იატაკს მივწვდეთ. დიდი მეტანიის დროს ისევ პირჯვარს ვიწერთ, დავიჩოქებთ ორივე მუხლზე და შუბლით იატაკს ვეხებით.

საინტერესოა, რომ მუსლიმებიც თითქმის ანალოგიურად სცემენ ღმერთს თაყვანს, რა თქმა უნდა, პირჯვრის გამოსახვის გარეშე.

ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან მუსლიმებისა და ქრისტიანების ანატომია ერთი და იგივეა. შესაბამისად, წელში მოვიხრებით თუ დავიჩოქებთ, ადამიანები ვართ ყველანი და ფიზიკურად ერთნაირ მოძრაობებს ვაკეთებთ. გარკვეული განსხვავებები მაინც არის, მაგრამ ორივე შემთხვევაში ღმერთს ვადიდებთ და მისადმი მორჩილებას გამოვხატავთ.

ხელის იატაკთან შეხებას თუ აქვს სიმბოლური მნიშვნელობა?

ხელის იატაკთან შეხებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ეს პრობითად ერთგვარი საზომია იმისა, რომ საკმარის დონეზე ვიხრებით მცირე მეტანიის შესრულებისას. თუმცა ზოგან ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მაგალითად, ათონის მთაზე ვნახე, რომ მეტანიის შესრულებისას იატაკს ხელით მაინცდამაინც არ ეხებოდნენ. ზოგადად მეტანიას რაც შეეხება, საინტერესოა სიტყვის ეტიმოლოგია: „მეტა“ ბერძნულად გონებას ნიშნავს, ხოლო „ნოე“ – განახლებას, განწმენდას, ანუ მეტანია ბუნებრივი მდგომარეობიდან უფრო ზებუნებრივში გადასვლაა. რეალურად ღმერთის ამგვარი თაყვანისცემით ვცდილობთ, რომ ჩვენი გონება და აზროვნება უკეთესობისკენ შევცვალოთ.

საეკლესიო სასჯელის სახით როდის ადგენენ მეტანიას?

სიტყვას თუ კარგად ჩავუღრმავდებით, სასჯელი მსჯელობას გულისხმობს. ადამიანმა უნდა იმსჯელოს, რა ჩაიდინა და ამ გზით სინანულამდე მივიდეს. მეტანიის დანიშნულებაც იგივეა, მისით ცოდვის გამოსყიდვა კი არ ხდება, არამედ სინანულის გამოხატვის ერთგვარი ფორმაა.

ზოგჯერ ხომ არ იქცევა მეტანია მექანიკურ, შინაარსდაცლილ მოძრაობებად?

ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ჩემი პირადი დამოკიდებულების შესახებ მოგახსენებთ. მე, როგორც სასულიერო პირი, სასჯელის სახით მეტანიებს შეგნებულად არ ვაძლევ ტაძარში მოსულს ზუსტად იმიტომ, რომ მექანიკურ ფორმად არ იქცეს, ანუ ადამიანმა არ უნდა იფიქროს ასე: „მორჩა, შევასრულე დანიშნული ათი მეტანია და ვალი მოვიხადე“. ადამიანს უნდა სურდეს, რომ ღმერთს ქედი მოუხაროს ან მუხლებზე დაუჩოქოს, რაც სათანადო განწყობის გარეშე, შესაძლოა მართლაც იყოს სულისკვეთებას მოკლებული. თუ მეტანია ეპიტემიის სახით ვინმესთვის მიმიცია ან მომავალში მომიწევს მიცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორად გაიგებს, და არა იმიტომ, რომ ვალის მოსახდელად ვარჯიში დაიწყოს. როცა შინაგან განწყობას მოკლებული ვარ, მეც ვცდილობ, რომ მოჩვენებით არ დავიჩოქო.

მეტანიის ნაცვლად რა სახის ეპიტემია შეიძლება დაუწესოთ?

მე უფრო ხშირად ლოცვების კითხვას ვავალებ. თუ ადამიანს მძიმე ცოდვა აქვს ჩადენილი, მაშინ გარკვეული პერიოდი უზიარებლობას ვუწესებ, რაც ყველაზე დიდი ორი თვე გრძელდება ხოლმე.

როგორც წესი, მართლმადიდებელ ეკლესიაში, მრევლს ფეხზე დგომა ხანგრძლივად უწევს. ზოგჯერ ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე არის უჰაერობა და ჩახუთულობა (სავარაუდოდ, ასეთივე მდგომარეობა იქნებოდა კატაკომბებში, სადაც პირველმა ქრისტიანებმა საღამოს საათებში შეკრება და მსახურების ჩატარება დაიწყეს). მეტანიის დროს ტვინი სისხლით უფრო აქტიურად მომარაგდება. შესაძლებელია თუ არა მეტანიას ამგვარი ბიოლოგიური ახსნა მოვუძებნოთ?

ეს თეორიაც რომ ვივარაუდოთ, ამაში ცუდი არაფერია. სხეულის ამოძრავებით, დიდი თუ მცირე მეტანიის შესრულებით, სისხლის მიმოქცევაც გააქტიურდება, შინაგანად გავმხნევდებით და გამოვფხიზლდებით.

მამა ალექსიმ რამდენიმე საინტერესო და სახუმარო ამბებიც გაიხსენა:

მოლდოვის ერთ-ერთ ტაძარში მსახურება მიმდინარეობდა და ეპისკოპოსიც ესწრებოდა. მღვდელმა რაღაც დააშავა და ეპისკოპოსმა უთხრა, რომ ამბიონზე ხალხის თანდასწრებით სამოცდაათი მეტანია შეესრულებინა. მღვდელი უხერხულად გრძნობდა თავს, საკურთხეველში ან სახლში კიდევ შეასრულებდა, მაგრამ ახლა უამრავი ხალხის წინაშე უნდა მიეღო სასჯელი.  გამოვიდა ამბიონზე, მიიხედა ხალხისკენ და უთხრა: „აბა, ყველამ ერთად გავაკეთოთ სამოცდაათი მეტანია“. ერთი სიტყვით, თვითონ ხომ შესარულა ეპისკოპოსის დავალება და თან მოხუცს თუ ახალგაზრდას, ყველას ქანცი გააძრო.

რუმინეთში კი ეპისკოპოსთან ქალი მივიდა თხოვნით, მოძღვარმა ძალიან ბევრი მეტანია დამავალა და იქნებ სასჯელი სხვა ფორმით შემიცვალოთო. ქალი ჭარბწონიანი იყო და სამ მეტანიასაც ვერ გააკეთებდა. ეპისკოპოსი მღვდელზე უფრო გონიერი აღმოჩნდა და ქალს რამდენიმე ათეული მეტანიის ნაცვლად, მოწყალების გაცემა  დაავალა. ამრიგად, როცა სასულიერო პირი ადამიანს რამეს ავლებს, უნდა გაითვალისწინოს მისი მდგომარეობა და შესაძლებლობები.

ეს კი აქაური ამბავია. პიროვნება, ვისზეც ვსაუბრობ მღვდელია ახლა. ადრე მძიმე ცოდვა ჩაიდინა და მონასტრის წინამძღვრმა შვიდი მცირე მეტანია დააკისრა. ეს ადამიანი ცოტა გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩა, ჩადენილი ცოდვის კვალობაზე, მიღებული სასჯელი ეცოტავა. თუმცა, როგორც მიამბო, იმ საღამოსვე წელი გაუკავდა და შვიდი მეტანია იმდენად მძიმე აღმოჩნდა მისთვის, რომ ერჩივნა, ჯანსაღად ყოფილიყო და ათასი მეტანია შეესრულებინა.”

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 3,489 times, 18 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*