ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომის ოქმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.

ოქმის მიხედვით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში, დელეგაციებმასაქართველო-ევროკავშირის თანამშრობლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.განსაკუთრებული ყურადღება პრიორიტეტულ სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა  გაღრმავების საკითხებს დაეთმო. მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, ასევე ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ათვისების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ოქმში აღნიშნულია, რომ მხარეებმა აგრეთვე 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ისაუბრეს. აღინიშნა სამიტის წარმატების მნიშვნელობა,  რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. დელეგაციებმა  ასევე მოსაზრებები გაცვალეს საქართველოს მოლოდინებზე სამიტთან მიმართებაში.

იქვე ნათქვამია, რომ მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი შედეგი და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა.

დოკუმენტის მიხედვით, დელეგაციებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ხელს შეუწყობს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველოს მხარემ დაადასტურა, რომ ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიღწევასაც საქართველო წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრულ სფეროებში რეფორმების განხორციელების გზით გეგმავს. დელეგაციებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს  ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რომელიც ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის ამზადებს და რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

დოკუმენტის ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება. კერძოდ, ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის  მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დარღვევების თვალსაზრისით. ლიტვის დელეგაციამ, თავის მხრივ, შეშფოთება გამოხატა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებით და დაგმო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი. ლიტვის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთანდაკავშირებით ურყევია.

ოქმის ნაწილი ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ პოტენციალს ეთმობა. დოკუმენტის მიხედვით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის სატრანსპორტო გადაზიდვების გაძლიერების მიმართულებით და „ვიკინგ“ პროექტის ტრასეკასთან დაკავშირების პერსპექტივაზე გაამახვილეს ყურადღება.

ოქმის დასასრულს აღნიშნულია, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მომდევნო სხდომა ლიტვაში, 2018 წელს გაიმართება.

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები