9 დეკემბერს, ბერლინი ევროპული კინოს დაჯილდოვების ცერემონიალს უმასპინძლებს, სადაც ცნობილი გახდება, თუ რომელი ფილმი მიიღებს წლის ევროპული ფილმის სტატუსს.
ევროპულმა კინოაკადემიამ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციას Fipresci, სთხოვა დაესახელებინა ის ფილმები, რომლებიც ამ პრესტიჟული ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებდნენ.
რჩეულ კანდიდატებს შორის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” მოხვდა.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმის საერთაშორისო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.
მოგვიანებით ფილმი სოფიას კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, ხოლო ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი გადაეცა.
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ლეჩეს კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. საუკეთესო ფილმის წოდების გარდა იგი ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის, FIPRESCI-ს პრიზის მფლობელიც გახდა.
გუშინ ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” საერთაშორისო ჯილდოებს ტრანსილვანიის კინოფესტივალზე კიდევ 2 პრიზი დაემატა : საუკეთესო ფილმისთვის და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ია შუღლიაშვილი).
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია “ნეტფლიქსმა” შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.
ფილმის პრემიერა საქართველოში სექტემბერში იგეგმება.
(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*