საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანამდევი ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ვერსია შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნას და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში.

კერძოდ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, თუმცა უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო ყველა დასაქმებულის უფლებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა დასაქმებული იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და აღნიშნული კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე.

მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ მაკონტროლებელ ორგანოს კვლავ არ ექნება საწარმოებში დაუბრკოლებლად შესვლისა და მათი შემოწმების შესაძლებლობა. იგი უფლებამოსილი იქნება მხოლოდ წელიწადში ერთხელ, შერჩევითი კონტროლით მოახდინოს საწარმოთა შემოწმება, ხოლო სხვა შემთხვევაში შემოწმების უფლება ექნება მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. საქართველოს სახალხო დამცველს არსებითად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მაკონტროლებელ ორგანოს ჰქონდეს ყველა საწარმოს დაუბრკოლებლად შემოწმების უფლება ყოველგვარი წინასწარი თანხმობისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე.

მისასალმებელია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს დარღვევებისთვის შესაბამისი სანქციების დაწესებას, თუმცა გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა არის ძალიან მცირე. ცვლილებების მიხედვით, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა პირველ ჯერზე იწვევს გაფრთხილებას, განმეორებითი დარღვევა კი, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ყოველი პირობის შეუსრულებლობაზე – 50 ლარით დაჯარიმებას. ასევე, შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელშეშლა თავდაპირველად გამოიწვევს გაფრთხილებას, განმეორებით – ჯარიმას 200 ლარის ოდენობით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს დარღვევის ადეკვატური, რათა იძლეოდეს  დარღვევის პრევენციის, ახალი დარღვევის თავიდან აცილების მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. გარდა ამისა, უნდა გაიწეროს, რომ სანქციის (გაფრთხილების ან ჯარიმის) დაკისრება პირს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულებისგან, ვინაიდან კანონის ძირითადი მიზანი სწორედ დარღვევების აღმოფხვრა და დასაქმებულთა დაცვაა.

პრობლემურია, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული შეუსაბამობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, საქმიანობის უფლების შეჩერებით ან მის გარეშე. კანონპროექტის მიხედვით კრიტიკულ შეუსაბამობად მიჩნეულია შემთხვევა, როდესაც შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხე ექმნება დასაქმებულის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. შესაბამისად, ცხადია, რომ ასეთი შეუსაბამობის არსებობისას, ჯარიმის დაკისრების გარდა აუცილებლად უნდა მოხდეს დარღვევის აღმოფხვრამდე საქმიანობის უფლების შეჩერება და ეს უკანასკნელი  სანქცია ნორმაში ალტერნატივის სახით არ უნდა იყოს მითითებული.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნას 42-ე მუხლი, რომელიც ეხება შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევას, ხოლო განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აღნიშნული განპირობებულია ნორმათა დუბლირების თავიდან აცილების მიზნით. სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნული არგუმენტი არ უნდა იქნას გათვალისწინებული ზემოხსენებული საკითხის განხილვისას, რადგან 42-ე მუხლი არის გაცილებით უფრო ფართო, ვიდრე შრომის უსაფრთხოების შემოთავაზებული ნორმები და ის ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ შრომის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევასაც (როგორიც არის, მაგალითად, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურების, შვებულებით ან შესვენებით სარგებლობის უფლების დარღვევა და სხვა). ასევე, მისი მოქმედება ვრცელდება ყველაზე და არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულებზე.

სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წინადადებაში საუბარია კანონპროექტში არსებულ სხვა ხარვეზებზეც.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს აღნიშნული მოსაზრებები და გამოთქვამს სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას. იმედია, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყანაში შრომის უფლებათა, მათ შორის, შრომის უსაფრთხოებისა და მომუშავე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის  მდგომარეობაზე.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*