„მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია, ესენია: რკინიგზის სადგურის, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის, ისნის მეტროს, დინამო სტადიონის, თბილისის მერიის, გულუას მოედნის, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიები.“ – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.
მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობა როდის დაიწყება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თბილისის მერია მრავალდონიანი პარკინგის მოსაწყობად ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.
რას მოიცავს მრავალსართულიანი პარკინგის პროექტი? რა ადგილებში იქნება ? რატომ არის მნიშვნელოვანი დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოწყობა?
– ყოველდღიურად დედაქალაქში დაახლოებით 550 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი დინამიურად მზარდია. შესაბამისად, ისევე როგორც ყველა დიდ ქალაქსა და დედაქალაქში, თბილისშიც სატრანსპორტო საშუალებების პარკირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი გზა, სწორედ – მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობაა.
თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-იმ (პრაისვოთერ პაურსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი-ს ფილიალი საქართველოში) მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია, ესენია: რკინიგზის სადგურის, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის, ისნის მეტროს, დინამო სტადიონის, თბილისის მერიის, გულუას მოედნის, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიები.
მრავალდონიანი ავტოსადგომები აშენდება ქალაქში არსებული მოთხოვნებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით. შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია, ხოლო ერთი მიწის ზედა (მერიასთან), შესაბამისად, მშენებლობა ქალაქის იერსახეზე უარყოფითად არ აისახება.
მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერია კომპანიებს კონკურსის წესით უახლოეს მომავალში შეარჩევს.
ნინი მაზიაშვილი