2015 წლის 13 ივნისი ყველას კარგად ახსოვს. სტიქიამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გაანადგურა შენობები თუ დაწესებულებები. მათ შორის იყო, თბილისის ზოოპარკიც, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. დაიღუპნენ ცოხველები, განადგურდა ვოლიერები, მოიშალა ინფრასტრუქტურა. ამ მდგომარეობის ფონზე დაიწყეს აღდგენითი სამუშაოები და დღეს, 2017 წლის 13 ივნისს, ზოოპარკი კვლავინდებურად გაანგრძობს ფუნქციონირებას. იმის გასარკვევად, თუ რა შეიცვალა ამ ორი წლის განმავლობაში და რა მდგომარეობაა ამჟამად თბილისის ზოოპარკში, “თბილისი თაიმსს” ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსი, მზია შარაშიძე ესაუბრა.

გავიხსენოთ 2 წლის წინანდელი 13 ივნისი… რა მდგომარეობა იყო მაშინ და როგორია ახლანდელი ზოოპარკი? რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?

 – ალბათ ყველას ახსოვს, თუ როგორი საშინელი სიტუაცია იყო 2 წლის წინ, როგორც ზოოპარკში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად, ზოოპარკში, 281 ცხოველი დაიღუპა, საგრძნობლად დაზიანდა პარკის ინფრასტრუქტურა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ზოოპარკში, იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე ველოდით და შესაძლებელი იყო. ამაში ლომის წილი თავად ზოოპარკის თანამშრომლებს მიუძღვით, ათენებდნენ და აღამებდნენ „განადგურებულ“ სამსახურში. რა თქმა უნდა, აღდგენით სამუშაოებში თბილისის მერია აქტიურად იყო ჩართული.

ტრაგედიის შემდგომ, მალევე, დაიწყო ზოოპარკის გაწმენდითი სამუშაოები. ტერიტორიიდან დიდი ნაშალი მასალა იქნა გატანილი, რომლის შედეგადაც, აღადგინეს დაზიანებული ვოლიერები, ასევე, დაიწყეს ახალი ვოლიერების მშენებლობა. დააბინავეს ის ცოხველები, რომლებიც სტიქიას გადაურჩნენ.  ამ დროისთვის, ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულიად არის აღდგენილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, პარკი შემოიღობა ლითონის ბადით(850 გრძივი მეტრი), აღდგა მწვანე საფარი, მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები.  ტრაგედიიდან 3 თვის შემდეგ, 13 სექტემბერს გაიხსნა განახლებული ზოოპარკი და დამთვალიერებლებიც მივიღეთ, რაც უდაოდ დიდი მიღწევა იყო.

ტრაგედიის შემდგომ, ზოოპარკს ახალი ბინადრები თუ ჰყავს?

  ტრაგედიის შემდგომ, ზოოპარკს ბევრი ახალი ბინადარი ჰყავს: ორკუზიანი აქლემი, თუთიყურში არარაუნა, ლურჯი გნუ, ფაფრიანი ცხვარი, აფრიკული პინგვინი, ბერბერული მაკაკა და სხვ. ასევე, გაიხსნა ახალი ვოლიერები: ლემურეის, ზოლებიანი მანგუსტებისა და მაჩვ-ზღარბების, ბუების, ფოცხვერის, ბეჰემოტის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით. ორი ახალი აკვარიუმი ეგზოტარიუმში (9 ტონიანი და 4 ტონიანი) და ა.შ. ზოოპარკში გვაყვს შეფარებული ცხოველებიც: მგლები, მელიები, კამეჩები, მტაცებელი ფრინველები, კუები, თევზები, შვლები, წითური კენგურუ და სხვა.

როგორც ყველა ზოოპარკს, ასევე თბილისის ზოოპარკსაც, ჰყავს უცხოელი ტრენერი, რომელიც ეტაპობრივად ჩამოდის და ათვალიერებს არსებულ სიტუაციას, გვეკითხება თუ რა გვჭირდება, რომელი ცხოველები გვაკლია.

უახლოეს მომავალში, თბილისის ზოოპარკს, რაიმე სიახლე ხომ არ აქვს დაგეგმილი?

  ზოოპარკს რიმე კონკრეტული სიახლე დაგეგმილი არ აქვს. ჩვენი მთავარი მოტივია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ახალი ზოოლოგიური პარკის მშენებლობა, რომელიც, მოგეხსენებათ, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ გერმანიის მთავრობის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) დახმარებით, ზოოპარკის ახალი ტერიტორიაზე დაფინანსდა: დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერი (მშენებლობა დასრულებულია), ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერი (მშენებლობა მიმდინარეობს).

ნინო ზარიძე

(Visited 87 times, 1 visits today)

კომენტარები