12 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართა ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი. ევროპის ჩემპიონატი 12-17 ივნისს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი).

ევროპირველობის გახსნის ცერემონიალს დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც ტურნირში მონაწილე სპორტსმენებს წარმატება უსურვა. ევროპირველობის გახსნის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

თბილისში ჩემპიონატზე დასაწრებად ჩამოვიდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტი სტანისლას პოზდნიაკოვიც. მოგვიანებით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა არჩილ გოგელიას, რომელიც წლების მანძილზე ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო სპორტის რაინდის წოდება გადასცა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო – თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია! თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა!

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება.მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*