სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისის მდგომარეობით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 11,683 სადაზღვევო პოლისი. მაისისა და ივნისის თვეში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაფიქსირებულია 1507 სადაზღვევო შემთხვევა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ 5 სადაზღვევო კომპანიაში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის).

აგროდაზღვევის 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში – 30 ჰა). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50% -ს.

2014-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 47 485 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 34 514 ბენეფიციარი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 21 973 330 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 39 138 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი და 326 842 630 ლარის მოსავალი. 2014-2016 წლებში 18 026 სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ანაზღაურებული ზიანის რაოდენობამ 19 303 454 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*