სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს ბაადურ ჯობავას უმასპინძლა.

ჯობავასთან ერთად მინისტრს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ბაადურ ჯობავას მწვრთნელი, ვეტერანი მოჭადრაკე ზვიად სტურუა და ლეგენდარული სპორტსმენები ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი შეხვდნენ.

ევროპის პირველობა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 30 მაისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდა. ბაადურ ჯობავამ 8,5 ქულა მოაგროვა და I-III ადგილები გაიყო რუს მოჭადრაკეებთან მაქსიმ მატლაკოვთან და ვლადიმირ ფედოსეევთან ერთად, თუმცა დამატებითი მაჩვენებლით ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბაადურ ჯობავამ ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეოთხე მედალი მოიპოვა: 2010 წელს ის ვიცე-ჩემპიონი გახდა, 2009 და 2016 წლებში კი ბრინჯაოს დაეუფლა.

„ქართველი სპორტსმენები ბოლო დღეებში დიდი გამარჯვებებით გვანებივრებენ: თეოდორა კახიანი პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, გამთენიისას ზაზა ფაჩულიამ NBA მოიგო… შესანიშნავია, რომ ამ ორ გამარჯვებას ბაადურის წარმატება უძღოდა წინ. შარშან ის მესამე იყო, წელს მეორეა… იმედია გაისად, ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ბაადური ჩემპიონობით გაგვახარებს! ამ ცოტა ხნის წინ ნანა ძაგნიძემ გოგონათა შორის მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ახლა ბაადურის წარმატების დრო დადგა… ნათელია, რომ ქართული ჭადრაკი აღმავლობის გზაზეა. ვიმედოვნებ, ფედერაციის ძალისხმევით ჩვენი მოჭადრაკეები უფრო დიდი გამარჯვებებით გაგვახარებენ”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„მადლობა ბატონ მინისტრს დღევანდელი მასპინძლობისთვის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჭადრაკის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერია და ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა შედეგებშიც აისახება. ბაადურმა მართლაც დიდ წარმატებას მიაღწია, მას ძალიან ცოტა დააკლდა ოქროს მედლამდე, თუმცა მისი ნიჭის შემხედვარე, დარწმუნებული ვარ არც ჩემპიონობაა შორს. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობდა”, – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

„ჩვენთვის, ჭადრაკის მცოდნე ხალხისთვის ბაადურის მეორე ადგილი გამარჯვების ტოლფასია. მან ქულებით პირველი-მესამე ადგილი გაიყო მეტოქეებთან და ვერცხლის მედალი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით მოიპოვა. ბაადურს არცთუ სახარბიელო სტარტი გამოუვიდა, თუმცა შეძლო სასწაულის მოხდენა! ის დიდი მომავლის სპორტსმენია და დარწმუნებული ვარ, უკეთესი შედეგები წინ აქვს”, – ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი.

ჯობავას გარდა ევროპის ჩემპიონატში კიდევ 9 ქართველი მონაწილეობდა: ზურაბ სტურუა – 7 ქულა (68-ე ადგილი); ლუკა პაიჭაძე – 6,5 (71); დავით ჯოჯუა – 6,5 (73); თამაზ გელაშვილი – 6,5 (80); დავით მჭედლიშვილი – 6,5 (89); თორნიკე სანიკიძე – 6,5 (103); ლევან ფანცულაია – 6 (130); მერი არაბიძე – 5,5 (251); ნოე თუთისანი – 4,5 (266).

ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატების ისტორიაში (2000 წლიდან) ბაადურ ჯობავას გარდა მხოლოდ ზურაბ აზმაიფარაშვილს მოუგია მედლები: 2003 წელს, თურქეთის ქალაქ სილივირში აზმაიფარაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, 2001 წელს, მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

2018 წელს ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის XIX ინდივიდუალურ ჩემპიონატს საქართველო, ბათუმი უმასპინძლებს.

(Visited 53 times, 1 visits today)

კომენტარები