„იმ კაბინეტში ერთი პირი მარწმუნებდა, რომ ჩვენც სამაგალითოდ დავისჯებოდით კლიპის გამო. ითანამშრომმლებ ჩვენთან, გირაოთი გახვალ, არ ითანამშრომლებ, გექნება 20-დან სამუდამო პატიმრობამდეო. შემდეგ რაც მოხდა, ეს იყო ყველას ერთიანობის შედეგი“.  ამის შესახებ „ბირჟა მაფია“-ს წევრმა, რეპერმა გიორგი ქებურიამ „ტვ პირველზე, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.

„დედაჩემის ავტომობილით მეგობართან მივდიოდი, მარტო ვიყავი. ჩემს წინ მიმავალი ავტომანქანა გაჩერდა, საიდანაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები გადმოვიდნენ, ავტომობილი წამართვეს, ძალის გამოყენებით გადმომსვეს და თავის მანქანაში წამიყვანეს. არავინ არაფერს მეუბნება რატომ ვარ დაკავებული.

მეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ ჩემთან უნდოდათ ლაპარაკი. შემდეგ კიდევ სხვა მანქანაში გადამსვეს, სადაც ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობდა ჩემზე და მეუბნებოდნენ,რომ ოპერატიული ინფორმაციით,  მე უნდა მქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ცდილობდნენ,რომ არ ელაპარაკათ კლიპზე, მაგრამ ძალიან აღელვებულები იყვნენ და ვერ მალავდნენ, მგალობლიშვილსაც ახსენებდნენ. მეკეთა სათვალე მხედველობის პრობლემის გამო, რომელიც ჩამომართვეს. მაჩვენეს ჩხრეკის ოქმი,რომ უნდა გაეჩხრიკათ ავტომობილი. მე ვუთხარი,რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი მქონია და ჩემს შემდეგ ვის ხელში გაიარა არ ვიცი.

მათ მიმართ რომ ნდობა დამბრუნებოდა, სათვალე დამიბრუნეს, ძალიან ზედაპირულად გაჩხრიკეს მანქანა, სათავსოებში არც შეიხედეს. გავიგე,რომ ბინაც უნდა გაეჩხრიკათ. შემდეგ სამმართველოში წამიყვანეს, სადაც მეკითხებოდნენ: რატომ დადიხარ ამ ნარკოტიკით? დიდი ხანია მოიხმარ თუ არა?“ , – განაცხადა გიორგი ქებურიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 56 times, 1 visits today)

კომენტარები