საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა.

წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის კურსი, საჭირო დაფინანსებას მიიღებს და უცხოელ სტუდენტებს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობას კვლავაც მისცემს. ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავაც დარჩება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დაფინანსების შეწყვეტის გამო, ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლას უნივერსიტეტის სასწავლო კურსიდან ამოღება ემუქრებოდა.

ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტი კა’ ფოსკარი სტუდენტებს ქართული ენა და ლიტერატურის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს, ის იტალიაში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც აღნიშნული სასწავლო კურსი აქვს და რომელსაც 2005 წლიდან იტალიაში მოღვაწე პროფესორი გაგა შურღაია უძღვება. უნივერსიტეტს, ქართულის სწავლების დიდი გამოცდილება და ტრადიცია აქვს. კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი, წლების მანძილზე ცნობილი ქართველოლოგი ლუიჯი მაგაროტოც იყო, რომელიც აქტიურად ეწეოდა ქართული ენის პოპულარიზაციას, მათ შორის ქართული ნაწარმოებების იტალიურად თარგმნის საშუალებით. მისი ნათარგმნია იტალიურ ენაზე გალაქტიონისა და ვაჟას შემოქმედებაც.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*