ერთი მუსლიმური ჩვეულების შესახებ უნდა გიამბოთ. ომანიდან სტუმარი იყო ჩამოსული, რომელსაც ქუვეითში დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, არც განათლება აკლდა და არც წიგნიერება. მეუღლეც ახლდა, რომელიც ომანის ერთ-ერთი სკოლის დირექტორად მუშაობდა. შეხვედრის დროს ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად, იმათაც გამომიწოდეს. უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ და უცხოობის განცდამ თანდათან რომ გაიარა, კიდევ უფრო საინტერესო თემებზე გავაბით საუბარი. სიტყვა ქალისთვის ხელის ჩამორთმევაზეც ჩამოვარდა და ამიხსნა, რომ მუსლიმებში ასეთი წესი მიღებული არ არისო. მიზეზი, რომ ვკითხე, მიპასუხა: “ალმასს ერთი ნაკაწრიც რომ გაუჩნდეს, ვინმე იყიდისო?”

ამას წინათ ბათუმში ქართველ მუსლიმ რესპოდენტთან მქონდა შეხვედრა. ამ შემთხვევაში ხელის გაწოდებისგან თავი შევიკავე და არც მას უაქტიურია.

ზოგადად, ხელის ჩამორთმევის ჟესტს სხვადასხვა ახსნა აქვს. მისალმების ეს ფორმა ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიურ სახელმწიფოებში, მიღებული არ არის.

აღნიშნულ თემაზე “თბილისი თაიმსს” თეოლოგი და შუახევის მუნიციპალიტეტის მუფთი ასლან შარაშიძე ესაუბრა.

 ისლამის მიხედვით, რატომ არ არის მიღებული მამაკაცის მიერ ქალისათვის ხელის ჩამორთმევა?

– ისლამში მისალმება და ერთმანეთის დალოცვა შუამავლის ქცევებიდან და მოწოდებებიდან გამომდინარეობს. ის ამბობდა, გაავრცელეთ სალამი” – ანუ მიესალმეთ ერთმანეთს, ხალხს, საზოგადოებას ღვთის ულმაზესი სალამით “ეს სელამუ ალეიქუმ”, რაც ნიშნავს  “ღვთის ლოცვა და მშვიდობა თქვენ. ეს არის ის ფორმა, რომელიც გავრცელებულია ყველგან, სადაც მუსლიმები სახლობენ და არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველასთვის მისაღებია.

რაც შეეხება უშუალოდ ხელის ჩამორთმევას, აქ ორი სხვადასხვა აზრია, რომელიც სწორად უნდა გავიგოთ. პირველი ის, რომ ისლამის პირველწყაროში, ანუ წმინდა ყურანსა და შუამავლის გამონათქვამებში მისი ამკრძალავი არც აიათი და არც ჰადისი არ გვხვდება. შუამავალ მუჰამმედს, მაშინდელი არაბული კულტურის გათვალისწინებითუცხო ქალებისთვის ხელი არ ჩამოურთმევია, მაგრამ ეს ქმედება არც აუკრძალავს, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ხელის ჩამორთმევა ჰარამი ანუ აკრძალული არაა.

თუმცა მეორე საკითხია, თავის არიდება ისეთი ცუდი ქმედებისგან, რომელიც ადამიანს მრუშობისკენ უბიძგებს, აქ იგულისხმება ფლირტი, უწესო ფიქრი და სურვილი, რომელიც ყურანის მე-17 სურის 32-ე აიათით არის აკრძალული: და არ მუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა.”

ამ აიათზე დაყრდნობით და შუამავლის ცხოვრებაზე დაკვირვებით, ისლამის სწავლულები მოსაწონ საქმედ არ მიიჩნევენ უცხო მამაკაცისა და ქალის ხელის ჩამორთმევით მისალმებას.

თუმცა გასათვალისწინებელია ადგილობრივი ტრადიცია და კულტურაც. მაგალითად, თუ არის ოფიციალური შეხვედრები, მუსლიმი მამაკაცი თავს იკავებს მისალმებისას ხელის ჩამორთმევის ინიციატივისგან, ხოლო გამოწვდილი ხელი შეუძლია, და უკეთესიცაა, რომ ჩამოართვას.

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 796 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*