ბოლოდროინდელ გახმაურებულ ნარკოდანაშალების საქმის შესახებ, „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრა.
ბოლო დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბევრი ადამიანი დააკავეს. არჩევნების წინ მუდმივად გვესმის დაპირება, რომ ნარკოპოლიტიკა შეიცვლება და უფრო ლიბერალური გახდება, თუმცა ხელისუფლება არ დგამს ამ ნაბიჯებს. თქვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების უამრავი მოწოდების მიუხედავად, რატომ არ დგება დღისწესრიგში ეს საკითხი? რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა?
– ამ ყველაფერს რამდენიმე განზომილება აქვს. ჩემი აზრით, საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიტიური მიდგომა არ არის. ამ მხრივ, საზოგადოებაც გაყოფილია. გარდა ამისა, ამ საკითხს ნებისმიერი ხელისუფლება წარმატებით იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მათთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთ-ერთი სავაჭრო თემაა წინასაარჩევნოდ. დაპირბების მიუხედავად, პრობლემა არ წყდება, რადგან ამ კოზირის გამოყენება შეიძლება ვინმეს დასჭირდეს შემდეგ არჩევნებზეც. ფაქტია, ერთი მხრივ, ჰუმანიზაცია ნებისმიერი მიმართულებით საჭიროა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია დაკავშირებული უნდა იყოს ანტინარკოტიკული ქმედენბების ეფექტურობის გაზრდასთან. ჰუმანიზაციამ თუ ის გამოიწვია, რომ ადამიანებს დასჯის აღარ შეეშინდებათ და ინტენსიურად დაიწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას, ეს ვითარებას დაამძიმებს. აქ კომპლექსურადაა ყველაფერი გასაკეთებელი, თუმცა ვაწყდებით მეორე და მთავარ პრობლემას: ნარკოტიკების თემა, სამწუხაროდ, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ან მისი გარკვეული ჯგუფებისთვის არის ბიზნესი. ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლების მფარველობის გარეშე სერიოზული ნარკობიზნესის კეთებაა შესაძლებელი. ასე, რომ ეს ორი რაღაც ერთადაა გასაკეთებელი. მარტო ლიბერალიზაცია პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამით შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო დავამძიმოთ.
დიდი ხმაური და პროტესტი მოჰყვა ჯგუფ ‘’ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებას, რომელთაც გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-შეძენას ედავება. დაკავებულები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩაუდეს იმ კლიპის გამო, რომელშიც პოლიცია იყო გაშარჟებული. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოსთვის ნარკოტიკი და ნარკოპოლიტიკა განსხვავებული აზრის წინაამდეგ მიმართული სადამსჯელო იარაღია თუ არა?
– მოდით, ასე ვთქვათ, პირველი შემთხვევა არაა, როცა ამგვარი განცხადებები კეთდება, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე სერიოზული რეაგირება ვერ ვნახეთ. ჩადებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე მოვისმინეთ ბოლო პერიოდში, თუმცა რეაგირება მოხდა ამ კონკრეტულ ფაქტზე. კარგია, რომ ეს ახალგაზრდები დღეს გარეთ არიან, მაგრამ ამან კითხვები კი არ მოხსნა, არამედ კიდევ უფრო ბევრი კიითხვა გააჩინა. ჯერ ერთი, დავინახეთ სისტემური პრობლემა, პოლიციის შიგნით, პროკურატურაში, სასამართლოში, რომელთა ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები ვიხილეთ ორი დღის განმავლობაში. ასე ვთქვათ, მათ რაღაც გზავნილი მიიღეს უცანური მხრიდან, რაც არაჯანმრთელ გამოვლინებად უნდა შეფასდეს. ამავდროულად, ისმის კითხვა, თუ ამათი გამოშვება შეიძლებოდა, რატომ არ შეიძლებოდა გირაოთი სხვა ადამიანების გამოშვებაც, რომელთა საქმეები აბსოლუტურად ანალოგიურია. სხვაობა ისაა, რომ წინა საქმეების შემთხვევაში საუბარი იყო წმინდა პოლიტიკურ მოტივზე. ეს კონკრეტული საქმე არ ყოფილა პოლიტიკური, იმიტომ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკასთან ახლოს არ იყვნენ. აქ საუბარია, თვითონ პოლიციის მხრიდან შურისძიებაზე და არა პოლიტიკურ მოტივზე. ეს არის განსხვავება. ასე, რომ პრობლემა არ გადაწყვეტილა, რადგან მხოლოდ ამ ორი ახალგაზრდის საქმე მოგვარდა. ნარკოპოლიტიკა ამ პრობლემის მცირე ნაწილი. მთავარი არის ჩადება. რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაუდებენ, ნარკოტიკს თუ იარაღს.
ქრონოლოგიას, რომ მივყვეთ, რეპერები გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი 12 ივნისის სასამართლო პროცესიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მანამდე ჩვენ ვნახეთ ბერა ივანიშვილის მხარდამჭერი პოსტი და ასევე პრემიერ კვირიკაშვილის მოწოდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ. თქვენი აზრით, არის თუ არა კავშირი ამ განცხადებებსა და სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის? შესაძლოა, ბერა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გამხდარიყო სიგნალი სასამართლოსთვის?
– პემიერის განცხადება საკმაოდ არაადეკვატური იყო. მთავარი პრობლემა იყო ჩადებაში და როდესაც ამაზე საპასუხოდ პრემიერი ნარკოპოლიტიკაზე იწყებს საუბარს და ამით ამთავრებს, ეს არაადეკვატური განცხადებაა. არ მინდა, რომ მხოლოდ ამ განცხადებებს დავაბრალო ბიჭების გამოშვება. ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების აქტირუობამ დააფრთხო ხელისუფლება. ბერა ივანიშვილმა კი თავიისი ემოცია გამოხატა და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადოთ ბერა ივანიშვილს. სხვა საკითხია, როგორ რეაგირებენ ამ ახალგაზრდის განცხადებებზე სახელმწიფო სტრუქტურები. ეს არის სასაცილო და ესაა პრობლემა დ არა ბერას განცხადება.
დაბოლოს, თქვენ რას ურჩევთ ხელისუფლებას? მთავარი გასასაწორებელი ხარვეზი რაც უნდა გამოსწორდეს ნარკოპოლიტიკის კუთხით….
– დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია და ნარკობიზნესთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდა პარალელური პროცესია. უერთმანეთოდ ეფექტური ვერ იქნება და ვითარება კი არ გაუმჯობესდება, კიდევ უფრო დამძიმდება.
მაგდა ბატიაშვილი