პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

საქართველოს პარლამენტმა დადგენილების პროექტს – „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ რატიფიცირების თაობაზე“, 98 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. ევროპოლსა და საქართველოს შორის აღნიშნული შეთანხმება, საკანონმდებლო ორგანოს მიერ რატიფიცირების შედეგად, ძალაში შევიდა.

საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მიმდინარე წლის 4 აპრილს მოაწერეს ხელი. ევროპოლის დირექტორი საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურად ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად ეწვია.

შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.

მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა.

(Visited 25 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*