საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს “საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე”, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  წარადგინა.

ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში დეტალურად არის განხილული ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობა. აგრეთვე, ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეაქცია მსოფლიო ეკონომიკასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ყოველთვის ადეკვატური იყო.

კობა გვენეტაძემ თავისი გამოსვლა ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის – ფასების სტაბილურობის შესახებ საუბრით დაიწყო: “ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, რომელიც დღეს თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკად მიიჩნევა. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შენარჩუნებას სამიზნე მაჩვენებლთან ახლოს. მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია შეიძლება გადახრილი იყოს სამიზნე მაჩვენებლიდან – როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით, მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის მთავარ გამოწვევაზე – დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელზე და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე . “2016 წელს, წინა წლების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან გამოწვევას დოლარიზაციის მაღალი დონე წარმოადგენდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდას, სავალუტო რისკების ადექვატურ გადანაწილებასა და ლარით ფასდადების ხელშემწყობ ღონისძიებებს მოიცავს. ლარიზაციის წასახალისებლად საჭიროა ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსის არსებობა. ამისათვის კი მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარება და ბაზარზე ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების მზარდი მოცულობის არსებობა. მთავრობასთან ერთად შემუშავებული გვაქვს კაპიტალის ბაზრების განვითარების სტრატეგია, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

წლიური ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ  “საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით 2016 წელს გრძელდებოდა მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე 2014 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელებული “ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის” (FSAP) რეკომენდაციებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივათა შესასრულებლად. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს არაერთ კანონში (“კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ჩათვლით) რიგი თვისებრივი ცვლილებების შეტანას, რაც  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწასა და მის  საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. აღნიშნულმა ცვლილებებმა უნდა განამტკიცოს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების, კომერციულ ბანკებში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის და რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის უფრო ეფექტიანად განხორციელების მიმართულებებით, მათ შორის, კომერციული ბანკების ლიცენზირებისა და მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში“.

პარლამენტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზეც ისაუბრა, რომლიც გასული წლების მსგავსად ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“2016 წელი გამორჩეულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებებით: უკანასკნელი წლების განმავლობაში დაფიქსირებული პრობლემების გათვალისწინებით შემუშავდა და დამტკიცდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი, რომელიც უკეთ პასუხობს მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ კომერციულ ბანკებზე, არამედ მთელი საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდა მომხმარებლის უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსური განათლების უფრო ეფექტურად გავრცელებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს სრულყოფას”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

(Visited 9 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*