ალბათ ხშირად გსმენიათ „თეთრი და შავი მღვდელი“ და დაინტერესებულხართ ამ სიტყვების მნიშვნელობით. აქვს თუ არა რომელიმე სასულიერო იერარქს მეუღლის ყოლის უფლება და რა წესები არსებობდა ახალდაარსებულ ეკლესიაში ამ საკითხთან დაკავშირებით. ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხს წინამდებარე წყაროში იპოვით.

ეკლესია განარჩევს სასულიერო პირთა ორ სახეს: თეთრ და შავ სამღვდელოებას. შავ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან ბერად აღკვეცილნი. ის ბერი, რომელსაც სასულიერო ხარისხი არ აქვს, იურიდიულად ერისკაცის თანასწორად განიხილება ნიკეის II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-5 კანონის მიხედვით. მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს სასულიერო პირთა სამი ხარისხი: დიაკონი, მღვდელი და მღვდელმთავარი. დიაკონი და მღვდელი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ისე შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, ხოლო რაც შეეხება მღვდელმთავარს, იგი სავალდებულოა, რომ ბერი იყოს. თითოეულ ხარისხს აქვს რამდენიმე მცირედით განსხვავებული პატივი. დიაკონთა შორის თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები არიან დიაკონი და პროტოდიაკონი, ხოლო შავი სამღვდელოების – იეროდიაკონი (ბერდიაკონი) და არქიდიაკონი.

მღვდელთა შორის თეთრ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან: მღვდელი, დეკანოზი და პროტოპრესვიტერი, ხოლო შავ სამღვდელოებას – მღვდელმონაზონი, იღუმენი და არქიმანდრიტი. რაც შეეხება მღვდელმთავრებს, ისინი ყოველთვის შავ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან. მღვდელმთავართა შორის გამოირჩევა სამი პატივი: ეპისკოპოსის, მთავარეპისკოპოსის (არქიეპისკოპოსის) და მიტროპოლიტის. სამღვდელმთავრო კანდიდატის გამორჩევა ხდება წმიდა სინოდის მიერ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა; ბ) უნდა გამოირჩეოდეს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სიწმიდით; გ) უნდა ჰქონდეს შესაფერისი საღმრთისმეტყველო და საერო განათლება; დ) უნდა იყოს ბერი .

პროტოპრესვიტერის მიქაელ პომაზანსკის მოსაზრების თანახმად, მღვდელმსახური მხოლოდ ხილული იარაღია იმ საიდუმლოს აღსასრულებლად, რომელსაც უხილავად თავად ღმერთი აღასრულებს. „საქმენი მოციქულთას“ წიგნის მიხედვით მოციქულებმა, რომლებიც ყოველთვის მოქმედებდნენ იესო ქრისტეს რჩევებითა და სულიწმიდის შთაგონებით, საჭიროდ მიიჩნიეს, ეკლესიაში დიაკვნები დაედგინათ. თავიდან ისინი უნდა მომსახურებოდნენ ჩვეულებრივ ტრაპეზს, მოგვიანებით კი თავად მოცქულთა დასახმარებლად – უფლის ტრაპეზს. თავდაპირველად მოციქულებმა მოწაფეთა თავყრილობას შესთავაზეს, მათ შორის ამოერჩიათ შვიდი მართალი, სულიწმიდითა და სიბრძნით აღვსილი მამაკაცი; როდესაც არჩეულები წარდგნენ მათ წინაშე, მოციქულებმა „ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი“. აქ სრულიად გარკვევით არის გამიჯნული ორი განსხვავებული აქტი: მსახურებისათვის ცნობილ პირთა შერჩევა და მათი ხელდასხმა.

წმ. კლიმენტი ალექსანდრიელის ნაშრომში „სტრომატები“ გარკვევით არის მითითებული, რომ „შერჩევა“ ჯერ კიდევ არ არის ის, რაც ხელდასხმით დადგინებისას მიიღება. ქრისტემ აირჩია მოციქულები, რომელთა რიცხვში იუდაც იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა იმ „დადგინების“ ტოლფასი, რომელიც მოციქულებმა მოგვიანებით, ქრისტეს მიერ სულის შთაბერვის შედეგად მიიღეს. პირთა შერჩევა მღვდლობისათვის ადამიანებს ეხება, მათი ხელდასხმა კი ღვთის საქმეა და არა კაცისა. „მოციქულთა კანონები“ გვამცნობენ: „ეპისკოპოსი დაადგინოს ორმა ან სამმა ეპისკოპოსმა. პრესვიტერი, დიაკონი და სხვანი სამღვდელო დასიდან ერთმა ეპისკოპოსმა“.

ეპისკოპოსთათვის არსებობს უქორწინებლობის ვალდებულება. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ამგვარი მოთხოვნა აუცილებელი არ ყოფილა, მაგრამ მოციქულთა ეპოქიდანვე ეპისკოპოსებს ნება დაერთოთ, თავი აერიდებინათ ქორწინებისთვის. რაც შეეხება მღვდლებსა და დიაკვნებს, აქ ეკლესიამ გადაწყვიტა, მათთვის არ დაეკისრებინა ასეთი ტვირთი და ძველი წესის თანახმად მღვდელმსახურს ქიროტონიის შემდგომ დაქორწინება აუკრძალა, მაგრამ ბუნებრივად მიიჩნია, დაეშვა მღვდლობის საიდუმლოში მონაწილეობისთვის უკვე ქორწინებით შეკრული პირნი. არ შეიძლებოდა მეორედ ქორწინებულის ხელდასხმა. რომის ეკლესიამ IV-VI სს. დაიწყო მღვდლებისა და დიაკვნების უქორწინებლობის შემოღება. ეს სიახლე უკუაგდო VI მსოფლიო კრებამ, მაგრამ რომის პაპებმა ეს აკრძალვა უყურადღებოდ დატოვეს.

პროტესტანტებმა უარყვეს მღვდლობა, როგორც „საიდუმლო“. მათ პასტორებს ირჩევს და ადგენს ხალხი. ისინი არ იღებენ რაიმე განსაკუთრებულ მადლმოსილ კურთხევას და ამ გაგებით არ განსხვავდებიან ერთობის რიგითი წევრებისაგან. ისტორიულად ეს აიხსნება შუა საუკუნეების ბოლოს ლათინთა სასულიერო პირების მიერ უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ არსებული დაპირისპირებით.

წყარო: www.orthodoxy.ge

მარიამ ქალებაშვილი

(Visited 386 times, 2 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*