“ის ოთხი წელი ბევრი რამე შევაკავეთ და ამის დასტურია დღევანდელობა,რომ ყველაფერი უარესად არის. ვისწავლეთ გაკვეთილი, რას ნიშნავს კოალიციაში უმცროსი პარტნიორობა, როდესაც გაქვს მხოლოდ ცეცხლის ჩამქრობის ფუნქცია“. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.
„ვიწყებთ „შენების მოძრაობას“, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ აქამდე არავის არაფერი უშენებია. პოლიტიკაში მყოფი ადამიანების საქმე არ არის სამიდღემჩიო, სამუდამო თემებზე საუბარი. სამწუხაროდ, დღემდე ყველა ხელისუფლება ცდებოდა გზას და გადადიოდა სახელმწიფოებრივი ეროზიისკენ. იმ დაპირებებმა, რაც ერთად მივეცით ხალხს, გასტანა რამდენიმე წელი და მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამტარებლები.
მაშინ კოალიცია სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის შეიქმნა. ამ ბრძოლაში წავედით სრულიად შეგნებულად. მე არასოდეს, არც ერთი დღე არ მიზრუნია ჩემს პოლიტიკურ პიარზე. იმ დროს ხელისუფლებაში იყო საკმაოდ მოუმზადებელი გუნდი და სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მიშლილ-მოშლილი“ , – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე