„ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა შევქმნათ.არ უნდა დავემონოთ მკაცრ ნარკოპოლიტიკას,მაგრამ არც უნდა გავერთოთ უზომო ლიბერალიზაციით. ზომიერება აქაც იქნება სასარგებლო“. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ისეთი,რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღოთ რეგულაციები,რომლითაც მარიხუანას მომხმარებლების რიცხვი შემცირდება. კანონმდებლობაში გათვალისწინებულმა დეტალებმა უნდა მოიტანოს საბოლოოდ სიკეთე. იმ ქვეყნებში,სადაც მოხდა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ზოგან ლიბერალიზაცია, მომხმარებელთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. ვერც ერთი ქვეყნის მაგალითი ჩვენთვის სრული ასლი ვერ იქნება.
ვეთანხმები,რომ მარიხუანას საზოგადოებრივი საშიშროება არ შეიძლება მისი წონადობით განისაზღვროს. მოქმედი ნივთიერება,რომელიც თრობის ეფექტს იწვევს, ერთი და იგივე წონის მცენარეში შესაძლოა იყოს სხვადახვა კონცენტრაციით. მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა დავაპატიმროთ, მაგრამ წონადობა ვერ გამოდგება მყარ ინდიკატორად. მოთხოვნაა,რომ კანონში ჩაიწეროს და განისაზღვროს არა რაოდენობა, არამედ მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია“ , – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მანანა ღოღობერიძე