კვირას, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. წინასწარი კვლევების თანახმად, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობამ “წინ რესპუბლიკა” ნაციონალურ ასამბლეაში (ქვედა პალატა) შეიძლება მანდატების 80% მიიპოვოს, რაც 1958 წლის შემდეგ, მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდი საპრეზიდენტო უმრავლესობაა.
საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. დეპუტატებს 577 ერთმანდატიან ოლქში ირჩევენ. პირველ ტურში გამარჯვებისთვის, რომელიც 11 ივნისს ჩატარდა, კანდიდატებს ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიეღოთ. ასეთი მხოლოდ 4 აღმოჩნდა. დანარჩენ ოლქებში გამარჯვებულების ბედი მეორე ტურის შედეგებით გაირკვევა, რომელშიც უკვე მთავარია ოპონენტზე მეტი ხმების მიღება.
პირველი ტურის ფინალისტები არიან მაკრონის “წინ რესპუბლიკის” 454 კანდიდატი, გაერთიანებული ცენტრისტული პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” (MoDem) 62 წარმომადგენელი, 264 კანდიდატი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიიდან “რესპუბლიკელები”, მარინ ლე პენის “ნაციონალური ფრონტის” 120 წევრი, ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენე პარტიის 67 წარმომადგენელი, სოციალისტური პარტიის 65 წევრი. დანარჩენ სამი ათეულს შეადგენენ მცირე პარტიების ან მოძრაობების წარმომადგენლები ან უპარტიოები.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური, რეკორდულად დაბალი აქტივობის (48,71%) ფონზე ჩატარდა.
7 მაისს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა.