ყველა რელიგია წარმოშობს გარკვეულ სტერეოტიპებს, განსაკუთრებით იმ ადამიანთა წარმოდგენაში, ვინც სხვის სარწმუნოებას საკუთარი რელიგიის ჩარჩოებიდან აფასებენ. მოსაზრება, თითქოს მუსლიმ ოჯახში ქალი დაჩაგრული და უუფლებოა, ხშირად მცდარია. თუკი ვიფიქრებთ, რომ მუსლიმ ოჯახში გენდერული თანასწორობა არაა დაცული, იგივე შეიძლება ვთქვათ ქრისტიანულ ოჯახზე, სადაც მამაკაცი ოჯახის თავად განიხილება. მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ის ე.წ “პრიორიტეტი“, რასაც ოჯახის მეთაურობა ჰქვია, იმხელა სიყვარულსა და თავგანწირვას ავალდებულებს მამაკაცს, რომ ვინც ამ პასუხისმგებლობას გააცნობიერებს, პირველობასთან დაკავშირებული ამბიციების ნაცვლად, შიში უნდა იგრძნოს, უპირველესად, თავისი ღმერთის წინაშე.
ქალისა და მამაკაცის უფლებებთან და მათი ურთიერთობების ეტიკეტთან დაკავშირებით, “თბილისი თაიმსს” შუახევის მუნიციპალიტეტის მუფთი ასლან შარაშიძე ესაუბრა. როგორც ჩვენმა რესპოდენტმა გვიამბო, ისლამის მიხედვით, ქალსა და მამაკაცს არ ეკრძალებათ ქუჩაში გასვლა, საყიდლებზე სიარული, განათლების მიღება, მუშაობა, მაგრამ ცხოვრების ყველა სფეროში ისლამი, ისევე როგორც სხვა რელიგიები, ადგენს გარკვეული წესებს საზოგადოებრივ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.
ქრისტიანობა ადამიანს გრძნობის ორგანოების სიწმინდისკენ მოუწოდებს. მაგალითად, სახარებაში ვკითხულობთ: “თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში.” ისლამში თუ ვხვდებით მსგავს მითითებებს?
– ისლამშიც როგორც ქალი, ასევე მამაკაცი ვალდებულია გაუფრთხილდეს საკუთარ მზერას: “უთხარი მორწმუნე კაცებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათი. ეს უფრო წმინდაა მათთვის. უეჭველად, ალლაჰმა უწყის რასაც ისინი სჩადიან. და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათი და არ გამოაჩინონ სიმშვენისები, გარდა რაც მოჩანს მისგან (ეს არის პირისახე და ხელები)” სურა 24 – 30,31.
ამ აიათებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლამი აწესებს ურთიერთობის ჩარჩოებს, არავის ზღუდავს სამსახურისგან, მაგრამ აუცილებელ პირობად აყენებს მორიდებას, რათა არ მიუახლოვდეს მრუშობას.
რამდენად დუცულია ისლამში ქალთა უფლებები? რა ეკრძალება ქალს?
– ისლამი იცავს ქალთა უფლებებს და მოუწოდებს ხალხს რომ პატივი სცენ ქალებს. ორივე სქესის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, თავი დაიცვან რწმენით და ლოცვით. ქალებს არ ეკრძალებათ სალოცავში სიარული. მხოლოდ ლოცვისას წინა მწკვრივი განკუთვნილა მამაკაცთათვის, მეორე მწკვრივი ვაჟებისათვის, ხოლო უკანა მწკვრივი ქალბატონებისათვის, რათა შორს იყვნენ ბოროტი მზერისაგან.
მუსლიმი ქალი არასდროს აუმაღლებს ხმას საუბარშიც კი უცხო ადამიანებთან, მაგრამ ეს არ ართმევს უფლებას, გამოთქვას აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ომარ ბინ ხატტაბმა ერთ-ერთი ხუტბას (ქადაგების) კითხვისას თქვა: “რადგანაც არაბი ქალბატონები ურვადის (საქორწინო გადასახადი საპატარძლოს მშობლებისთვის) სახით ითხოვენ ძალიან დიდ თანხას, ყოველივე ამან იმოქმედა არაბ ვაჟთა დაქორწინებაზე, მოდით დავაწესოთ ზედა ზღვარი ურვადისა”-ო. ამას ისმენდნენ ადგილობრივი მუსლიმი ქალბატონები, რომელთაგან ერთ-ერთმა ასე მიმართა: “ეი, მორწმუნეთა მბრძანებელო, შენ გინდა წაგვართვა ის უფლება, რაც უზენაეს ღმერთს ჩვენთვის მოუცია? ჩვენ არ ვართ თანახმა მაგ წინადადებაზე“-ო. ეს მოკლე ისტორიული ჩანაწერიც კი საკმარისია იმის დასადგენად, თუ როგორი ჩართულობა იყო მაშინ ქალებისა ისლამის საკითხის გადაწყვეტისას.
რაც შეეხება აკრძალვას, ისლამი არ იწონებს ქალის მიერ ისეთი ტანსაცმლის ჩაცმას და სუნამოს გამოყენებას, რაც სხვისი ყურადღების მიპყრობას ემსახურება.
რა პოზიცია უკავიათ ქალსა და მამაკაცს ოჯახში?
– ისლამი ოჯახის მარჩენლად მამაკაცს განიხილავს. უზენაესი წმინდა ყურანში ასე ბრძანებს: “მათ კი (კაცებს) ვისაც შვილი შეეძინა, გამოკვებონ ქალები და ჩააცვან წესისამებრ”. ეს აიათი გვამცნობს, რომ მამაკაცი ვალდებულია, ლიდერობა თავის თავზე აიღოს და ოჯახს მიხედოს. ხოლო აიათის გაგრძელებაში ვკითხულობთ: “არ ეკისრება არავის იმაზე მეტი, რაც შეუძლია, არც დედას ევნოს და არც მამას, რომელსაც შვილი შეეძინა.” (2-233)
როგორ შეეწყობიან მეუღლეები ერთმანეთს, თუ შეხვედრის და დაახლოების შესაძლებლობა არ ექნებათ?
– მუსლიმი ქალი ყოველთვის თავდაჭერილია და არასდროს არ უყურებს თვალებში უცხო მამაკაცებს, არ ეძებს მიზეზებს უცხო მამაკაცებზე სასაუბროდ და ცდილობს, არ მოხვდეს უცხო მამაკაცთა გარემოცვაში. ყოველივე ამის მიუხედავად, მუსლიმ ქალს და მამაკაცს უფლება აქვთ, მანამ სანამ ქორწინებას გადაწყვეტენ, შეხვდნენ და დაილაპარაკონ, გაიგონ ერთმანეთის მსოფლმხედველობა, მაგრამ სრულიად მარტო კი არა, რამდენიმე შინაურის თანდასწრებით უნდა შედგეს ეს შეხვედრა.
მარიამ ქალებაშვილი