კვება ადამიანის ჯანმრთელობაზე უდიდეს გავლენას ახდენს, შესაბამისად, სურსათში მავნე ნივთიერებების შემცველობის დოზის გაკონტროლება, ერთობლ, სავალდებულოა. როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში განგვიცხადეს, სურსათში ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმის შესახებ დადგენილება ძალაში 1 აგვისტოდან შედის. ტრანსიზომერული ცხიმები სურსათში არასწორი ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით წარმოიქმნება და ისინი გულსიხლძარღვთა დაავადებებს იწვევენ. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მასთან ბრძოლა, როგორც საკანონმდებლო, ასევე მომხმარებლის ინფორმირების დონეზე აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა…
აღნიშნული დადგენილების მნიშვნელობაზე, რომელიც აგვისტოდან შევა ძალაში „თბილისი თაიმსს“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩეველი – რისკის შეფასების საკითხებში, ზურაბ ცქიტიშვილი ესაუბრა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ 2006 წელს სურსათზე სახელმწიფო კონტროლი გააჩერეს. დაუღალავი ცდისა და შრომის შედეგად, კონტროლი აღდგენილ იქნა, რისკის შეფასების სტრუქტურა კი განვაცალკევეთ და დამოუკიდებელ სამსახურად ჩამოვაყალიბეთ. ამის შემდგომ, დავიწყეთ სურსათში შემავალი სხვადასხვა ნივთიერებების კვლევა და რისკის შეფასება. რაც შეეხება კონკრეტულად ტრანსიზომერებს, მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული კვლევის თანახმად, საქართველო მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) მატარებელთა ხუთეულში შეიყვანეს. შესაბამისად, ტრანსცხიმები მაღალი წნევის მატარებელი ადამიანებისთვის ორმაგად საფრთხილოა. საქართველოში ტრანსცხიმებს მომაკვდინებელი ძალა აქვს. სამზარეულოში საჭმლის მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას გამოყენებული მცენარეული ზეთი, სწორედ, ტრანსცხიმს წარმოადგენს! უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებისთვის ტრანსცხიმების მიღება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ ეს დადგენილება ნებისმიერ ასაკობრივ სეგმენტზე იქნება გათვლილი. სწორედ, სურსათში ტრანცხიმების შემცველობის დასადგენად ნორმატიული აქტი შემუშავდა, რომლის ძალაში შესვლისთანავე პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლი დაიწყება. კონტროლი სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალება, ასევე, საქართველოში შემოტანილ პროდუქტებს, სპეციალური ნიმუშების მეშვეობით, საბაჟოზევეც გააკონტროლებენ“.
ნინო ზარიძე