„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სონია შარიგიანი საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ გაივლიან.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა,  რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს,  179 ტრენერი გადაამზადა, რომლებიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტ მასწავლებელს საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ ჩაუტარებს.

საგნობრივი მეთოდიკის კურსი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის მასწავლებლებს ჩაუტარდება და ითვალისწინებს რეალური სასწავლო გარემოს მოდელირებას;  ტრენინგის პროცესში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარ თავზე გამოსცადონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების ძირითადი პრინციპები, უშუალოდ დაინახონ მათი სარგებელი და  შეძლონ აქტიური სწავლების სტრატეგიების გამოყენება პრაქტიკაში.

ტრენინგ მოდული 24 საკონტაქტო საათისგან შედგება. მასწავლებლებს ტრენინგის შემდგომ აქვთ შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრებზე განიხილონ ახალი სტრატეგიები და მიდგომები, ამით კი ხელი შეუწყონ მათ საკლასო ოთახში დანერგვას.

ამჟამად, ბათუმში,  მათემატიკისა და ინგლისური ენის ტრენერთა ტრენინგი 48 ტრენერისთვის მიმდინარეობს.

საგნობრივ კურსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებელთა  პროფესიულ განვითარებას იმ სტრატეგიებისა და მიდგომების დაუფლებას, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას.

ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.

საგნობრივი მეთოდიკის  ტრენინგები  2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. პროფესიული განვითარების საშუალება იმ 7000-ზე მეტ VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის  საჯარო სკოლის მასწავლებელს მიეცემა, რომელმაც მასწავლებელეთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში უკვე გაიარა ზოგადპროფესიული უნარების მოდულები  2016-2017 წელს.

პროექტში დაგეგმილი პროფესიული განვითარების აქტივობებში ასევე ჩაერთვებიან  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებიც;  შესაბამისად, საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა  და გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები.

პროექტის სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების  18000 ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი წარმოადგენს. გადამზადების პროცესში მასწავლებლები ორ ნაკადად ჩაერთვებიან. მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების სრული კურსი  (ზოგადპროფესიული და საგნობრივი მეთოდიკა) 2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება; მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი – 2018 სექტემბრის  პერიოდში გაივლის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს   ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და  ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები