საარჩევნო ბლოკმა „თავისუფალი დემოკრატები – რესპუბლიკელები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე საჩივარი შეიტანა.

საჩივარი შეეხება სავარაუდო სოციალურ რეკლამას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადის. სარეკლამო რგოლში ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველო საპრეზიდენტო მმართველობიდან გადადის საპარლამენტო მმართველობაზე, ხოლო ევროპული საპარლამენტო მმართველობა გულისხმობს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესს. რეკლამა სრულდება შემდეგი ტექსტით: “გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.” თუმცა, მაყურებელმა სად, რომელი წყაროდან უნდა გაიგოს მეტი, მითითებული არ არის.

„თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ სარეკლამო  რგოლი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონის “მაუწყებლობის შესახებ” მე-2 მუხლის ჰ7-ე პუნქტით სოციალური რეკლამის განმარტებას.

საჩივარში ვკითხულობთ, რომ რეკლამის კანონთან შეუსაბამობა ვლინდება შემდეგ გარემოებებში:

  1. მართალია, რეკლამის შინაარსში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა ან ხელისუფლება, მაგრამ რეკლამა შინაარსით არის სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის იდეების გაჟღერება.
  2. რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი. პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად და ცალმხრივად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას და მისი მიზანი არის საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ.
  3. 30 წამიან რეკლამაში საზოგადოება იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დახვეწილ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, არამედ – პარლამენტის ან კოლეგიის მიერ. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის სხვა უმნიშვნელოვანეს დამახასიათებელ კრიტერიუმზე რეკლამაში “შეგნებული დუმილია”, რითაც მაყურებელი/საზოგადოება ხდება არაკეთილსინდისიერი მოპყრობის მსხვერპლი. ის შეყავთ შეცდომაში.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ მოითხოვენ:

  • მიეცეს გაფრთხილება საზოგადოებრივ მაუწყებელს;
  • დაევალოს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გაშვება ეთერში;

საჩივარს ხელს „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აწერენ.

 

 

 

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*