ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM International) სპეციალისტები, ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ. შესაბამის დოკუმენტს დღეს, ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის  მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის  სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე მართვისა, სამეცნიერო თუ, ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება TUM International- ის  ხარისხის მართვის სტანდარტები. ერთობლივი საორგანიზაციო ჯგუფი  ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარების ყველა ეტაპზე ითანამშრომლებს, მათ შორის  გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს.

ხელშეკრულების თანახმად, ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში.

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM), რომელიც მე-19 საუკუნეში დაფუძნდა, 12 ფაკულტეტი აქვს, მათ შორის – საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, კვების ტექნოლოგიის და სამედიცინო. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს. ყოველწლიურად, 1000-ზე მეტი ხელშეკრულება ფორმდება წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. უნივერსიტეტის სტუდენტებმა 800–ზე მეტი “სტარტაპ კომპანია” დააფუძნეს. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს 40 000 სტუდენტი და 10 000 თანამშრომელი ჰყავს. უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს მიღებული აქვთ 13 ნობელის პრემია ფიზიკაში, ქიმიასა და მედიცინაში.

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*