„დაკვირვების რეჟიმში ვართ საათობრივად. უკვე ვნახეთ,რომ პიკის საათში სქემა კარგად მუშაობს. შეგვიძლია სიმულაცია შევქმნათ და დაკვირვება ვაწარმოოთ ერთი თვის განმავლობაში, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იყოს თუ არა ცალმხრივი“. პეკინის გამზირზე დაგეგმილი სამუშაოების, რეაბილიტაციის გეგმის შესახებ, თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „რეალური სივრცის“ ეთერში ისაუბრა.

„პეკინის გამზირი სექტემბრიდან იქნება მოწესრიგებული,სასიამოვნო იქნება გადაადგილება, აღარ იქნება მოუწესრიგებელი გზების პრობლემა, რაც დღეს იწვევს მოძრაობის შეფერხებას. შეცვლილია სატრანსპორტო სქემა, დიდი სამკუთხედის საშუალებით გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. დამატებითი ცვლილება შევიდა და გმირთა მოედნიდან 26 მაისის მოედანთან შესაძლებელია უკან მიბრუნება.

დამატებითი ხარჯები გავწიეთ,რომ სამუშაოები ღამითაც ჩატარდეს და არ იყოს შეფერხება. ვგრძნობ,რომ მოსახლეობისგან არის ხელშეწყობა, ითვალისწინებენ,რომ კონკრეტულ უბნებზე აიკრძალა პარკირებები. დისკომფორტი არის ის,რომ  მოქალაქეებს ცოტა მეტი გზის გავლა მოუწევთ“ , – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

მიმდინარე სამუშაოების და წყლის მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ისაუბრა.

„დაახლოებით 3 მილიონი ლარის ინვესტიციას ვაპირებთ და ზედამხედველობისთვის მოწვეული გვყავს წარმატებული, ცნობილი კომპანიების ექსპერტები გერმანიიდან. წყლის წყვეტა იქნება იშვიათი, შესაძლოა რამდენიმეჯერ ამ პროექტის მიმდინარეობისას. შეფერხების შესახებ აბონენტებს წინასწარ შევატყობინებთ. სიტყვა გრაფიკი უნდა ამოვიღოთ მეხსიერებიდან, ეს სისტემა წარსულს ჩაბარდა. მინიმუმამდე არის დაყვანილი წყლის შეზღუდვები რეაბილიტაციის დროს.

გვეხმარება პატრული, მობილიზებულია მერიის სამსახურები,რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობაში ხელი არ შეგვეშალოს. მთლიანად ვცვლით გამანაწილებელს, როდესაც ეს სამუშაოები დაიწყება, დაახლოებით 3 კვირაში, პეკინის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას ექნება წყლის შეფერხება“ , – განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*