ბოლო პერიოდში სამშენებლო სამუშაოებზე მომუშავე დაღუპულ ადამიანთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მუშებს, ხშირად, სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში უწევთ მუშაობა. მომუშავე პრესონალთა უფლებების დასაცავად, სახელმწიფოს მხრიდან, რაიმე რეგულაციები იგეგმება თუ არა და, ზოგადად, რა ღონისძიებები ტარდება ამგვარ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების უფლებების დასაცავად, აღნიშნულზე „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელზა ჯგერენაია ესაუბრა.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელიც შრომითი ურთიერთობების სუბიექტების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. კონკრეტულ შემთვევებში, კომპანიის დონეზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება აქვს – როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულსაც. დამსაქმებელს აქვს ვალდებულება შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, დასაქმებული კი ვალდებულია იხელმძღვანელოს უსაფრთოების მიმართულებით განსაზღვრული ინსტრუქციებით. სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით თამაშის წესების განსაზღვაში მდგომარეობს. კანონპროექტი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უკვე პარლამენტშია განსახილველად, რომელიც იმ პრევენციულ ღონისძიებათა ერთობლიობას განსაზღვრავს, რომელიც სამუშაო ადგილზე მოსალოდნელ და პოტენციურ საფრთხეებს უკავშირდება. კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია რიგი მოთხოვნები, რომლებიც კომპანიებს ავალდებულებს, დანიშნოს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც რისკებს შეაფასებს და კონკრეტულ კომპანიებში არსებული საფრთეების თავიდან აცილებაზე იზრუნებს. აგრეთვე, საჭიროებიდან გამომდინარე, კანონპროექტი ადმინისტრაციულ სახდელებსაც ითვალისწინებს“.
https://www.youtube.com/watch?v=2xTef0CWP5g
ნინო ზარიძე