“მეორე ეტაპზე ჩვენ უნდა გადავაგზავნოთ აღიარებული საწარმოების ნუსხა, რომლებიც შეძლებენ ოფიციალურად ექსპორტის განხორციელებას. ჯერჯერობით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 5 ასეთი კომპანიაა აღიარებული”. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.

“ქართული შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები დაიშვა ევროკავშირის ბაზარზე, ამას წინ დიდი პროცედურა უძღოდა. თითქმის 3 წელი  მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან მიმართებაში გარკვეული დამატებითი მოთხოვნებია. 2014 წლის შემდეგ განვსაზღვრეთ რეფორმები, რომ მიგვეღწია ბაზრის გახსნას.

პირველი შემთხვევა იყო თაფლი და ახლა ქართული თევზი. პირველ ეტაპზე ქვეყანაში სახელმწიფო კონტროლი გატარდა, გავიარეთ საწარმოთა აღიარების პროცედურა, ნარჩენების, ლაბორატორიული კონტროლი. პირველ ეტაპზე ნდობა გამოუცხადეს საქართველოს ლაბორატორიულ სისტემებს, მათ შორის სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

ძირითადად იწარმოება ქაფშისგან დამზადებული თევზის ფქვილი, თევზის ზეთი, რომელიც ძირითადად თურქეთში გადიოდა. შესაძლოა ეს პროცესი მალე შეეხოს შიდა წყლებში მოპოვებულ თევზს, ასევე რძის პროდუქტებს, ყველს და სულუგუნს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე,” – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 45 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*