მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკმა სტარტი აიღო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. მოსწავლეთა პირველ ნაკადს წყნეთში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს.

სახელმწიფო დაფინანსებით, ზაფხულის განმავლობაში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე (ანაკლია, მანავი, კაჭრეთი, სალიბაური (აჭარა), ბათუმი, ქუთაისი, წყნეთი)  60-მდე ნაკადი,  11 000-მდე მე-7, მე-8, მე- 9 კლასის მოსწავლე დაისვენებს.

მოსწავლეთა რაოდენობა თითოეულ ნაკადში  ლოკაციების მიხედვით განსხვავებულია და საშუალოდ 130-დან 300 ბავშვს შეადგენს. ბანაკში დასვენების შესაძლებლობა კი ეძლევათ, მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან –  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, ეთნიკური უმცირესობების, ეტლით მოსარგებლე, წარჩინებულ, მცირეკონტიგენტიან და ა.შ. სკოლების მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის ბანაკებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად ახორციელებს და მიზანს მოსწავლეთა სოციალურ ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრება, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდა წარმოადგენს.

წელს ანაკლიის ბანაკის ორგანიზებაში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად,  ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც, ხოლო მანავის სამხედრო ბაზაზე და ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში, ბანაკი განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.

 

 

(Visited 41 times, 1 visits today)

კომენტარები