ბოდიბილდინგის პოპულარობა საქართველოში ყოველწლიურად იმატებს, რაზეც ამ სპორტში მიღწეული ქართველი სპორტსმენების წარმატებებიც მეტყველებს, თუმცა როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, მათი მაღალი შედეგები საკუთარი ფინანსების, ძალისხმევისა და ენთუზიაზმის დამსახურება უფრო მეტადაა, ვიდრე სპორტის სამინისტროს მხრიდან გაღებული რესურსების. გიორგი ორბელაძემ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ფიზიკის კატეგორიის ორგზის ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. მეორე წელია, რაც პროფესიონალურ დონეზე ვარჯიშობს და ყოველწლიურად ცდილობს, წინა წლის შედეგი გააუმჯობესოს. ჩემპიონმა სამოდელო სფეროდან პროფესიონალ სპორტსმენობამდე გრძელი გზა გაიარა, რომელიც პიროვნული, ინტელექტუალური, ფიზიკური განვითარების პარალელურად ყალიბდებოდა, დღევანდელ ინტერვიუში კი ის საკუთარი მიმართულების სპეციფიკაზე, სირთულეებსა და გამოწვევებზე ღიად ისაუბრებს. გაიგეთ რით ჰგავს ფიზიკი ბიჭს, რომელიც „პლიაჟზე“ ყველაზე მაგრად გამოიყურება და ვის მიიჩნევდა გიორგი ორბელაძე მთავარ მეტოქედ შეჯიბრზე.
3 ივნისს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში, რომელშიც თქვენ გახდით ფიზიკის კატეგორიაში ჩემპიონი უკვე მეორედ. შეგიძლიათ, მიამბოთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი?
– სტატუსი რასაკვირველია მნიშვნელოვანია და მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თვლიან ან თავის დასამშვიდებლად ამბობენ: “მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“. ნებისმიერ შეჯიბრებაში მონაწილეობას ვიღებ გამარჯვებისათვის. უკვე ზედიზედ მეორედ გავხდი საქართველოს ჩემპიონი და ეს ძალიან მახარებს, თუმცა ამაზე მეტად მნიშვნელოვანი არის საკუთარი თავის განვითარება და პროგრესი. ფაქტობრივად წელს შეჯიბრზე მე დავუპირისპირდი არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს, ვეცადე, შარშანდელთან შედარებით უკეთესი შედეგი დამედო და ეს მოვახერხე.
თქვენ ასპარეზობთ ფიზიკის კატეგორიაში. შეგიძლიათ გაგვაცნოთ რა სპეციფიკური მახასიათებელი აქვს ამ კატეგორიას, როგორია მისი შეფასების კრიტერიუმები და რამდენად რთულია შედეგზე გასვლა?
– ბოდიბილდინგზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, რადგან ხალხის დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს არ არის ლამაზი, ზედმეტია და ამხელა კუნთის მასა ესთეტიკურად ბევრისთვის მიუღებელია. ფიზიკი არის კატეგორია, რომელიც მსოფლიო ბოდიბილდინგის ფედერაციამ შექმნა ამ სტერეოტიპების გასაქარწყლებლად. მისი შეფასების კრიტერიუმები ისევე, როგორც ბოდიბილდინგში, არი – კუნთის მასა, სიმშრალე, სხეულის მთლიანი რელიეფი, კუნთების დამუშავების ხარისხი, პროპორცია, თუმცა მეტი ყურადღება ეთმობა ესთეტიკას და სილამაზეს. ფიზიკის სპორტსმენს, რასაკვირველია, აქვს დიდი კუნთის მოცულობა, მაგრამ ვერავინ ვერ უნდა თქვას რომ ზედმეტია, ან არაესთეტკური, შესაბამისად, ფიზიკი უნდა ჯდებოდეს ამ კონდიციებში. პლუს შეფასება ხდება საცურაო, სანაპიროს შორტებში და არა ტრუსებში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ფიზიკი არის ბიჭი, რომელიც „პლიაჟზე“ ყველაზე მაგრად გამოიყურება.
მოყვარულის დონიდან პროფესიონალ სპორტსმენობამდე რა გზა გაიარეთ, შეგიძლიათ მესაუბროთ იმ სირთულეებზე, რომელიც ორგზის ჩემპიონად გახდომას უკავშირდება?
– მოყვარულის დონეზე ფიტნესით დაინტერესებული ვარ 19 წლიდან. თუმცა 2015 წლის ბოლოს გადავწყიტე ჩემი ძალები პროფესიონალურ სპორტში მომესინჯა, ვინაიდან დავაგროვე დიდი ცოდნა და მინდოდა ამის რეალიზება. ექვსთვიანი მზადების შემდეგ მონაწილეობა მივიღე 2016 წლის ეროვნულ ჩემპიონატში, რომელშიც გავიმარჯვე. ადრეული ასაკიდან ბევრი სპორტის სახეობით ვიყავი გატაცებული – დავდიოდი კარატეზე, შემდეგ ვთამაშობდი კალათბურთს, ბოლოს რაგბს და მეტნაკლებად ჩახედული ვარ ყველა პოპულარულ სპორტში, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლიათ გითხრათ, რომ მზადება ბოდიბილდინგის ნებისმიერი კატეგორიისთვის არის ბევრად რთული და ვერცერთი სხვა სპორტის სირთულე მასთან ახლოსაც ვერ მივა. გარდა იმისა, რომ უნდა ივარჯიშო ყოველდღიურად და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც, როგორც სიმძიმეებით, ასევე, ძალიან რთული კარდიო ვარჯიშებით, პარალელურად სჭიროა, დაიცვა სპორტული ურთულესი დიეტები. ეს დიეტები არ არის მსგავსი იმ დიეტების რომელსაც საზოგადოება იცნობს. დიეტა იმისათვის, რომ დახვიდე სხეულის 4-5% ცხიმიანობამდე და თან შეინარჩუნო დიდი კუნთის მასა არის უაღრესად რთული და როდესაც ამას თან ერთვის მძიმე ფიზიკური დატვირთვა. შესასრულებლად იმდენად წარმოუდგენელია, რომ ამისთვის არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო. რასაც ბევრი ვერ ახერხებს. მსმენია შემთხვევებზე, როდესაც სპორტსმენები რამოდენიმე თვიანი მზადების შემდეგ თავს ანებებნ, რადგან ვერ უძლებენ ამდენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წნეხს.
თქვენთვის, როგორც პროფესიონალი სპორტსმენისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია კვების რაციონი, თუ შეიძლება დეტალურად მესაუბროთ, როგორ აკონტროლებთ კვების რაციონს?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, საშეჯიბრო ტანს ვერ დაიყენებთ, მხოლოდ ვარჯიშით. საჭიროა სპეციალურად შედგენილი კვების რაციონის დაცვა. კვების რაციონი ყველა ადამიანისთვის დგება ინდივიდუალურად და მზადების თითოეულ ეტაპზე იცლვება.
არსებობს 3 ძირითადი ფაზა მზადების.
- “Bulking” ეგრეთწოდებული მასის პერიოდი, რომელსაც მაღალკალორიული დიეტა სჭირდება, რადგან ამ პერიოდის მიზანი კუნთის მასის გაზრდაა.
- რელიეფის ფაზა, როდესაც მომატებულ კუნთის მასას ამუშავებ და ხვეწ ფორმებს, რა დროსაც ხდება კალორიების შემცირება და კალორიების სახეების ცვლილება.
- სულ ბოლო ფაზა არის “Cutting” – შრობის პერიოდი, რა დროსაც საჭიროა დამუშავებული კუნთების შენარჩუნება ისე რომ თითქმის მთლიანი ცხიმის მოცულობა მოიშორო.
საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აღნიშნეთ, რომ წელს კონკურსზე ყველა კატეგორიაში მონაწილე სპორტსმენების ხარისხი არ ჩამოუვარდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენების დონეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სპორტსმენები საკუთარი მწირი სახსრებით ცდილობენ კონკურსებზე ღირსეულად წარდგომას. თუ შეგიძლიათ მითხრათ, თქვენი აზრით, რა მიზეზები განაპირობებს სახელმწიფოს ნაკლებ დაინტერესებას ბოდიბილდინგისა და ფიტნესის მიმართ და როგორ ხედავთ სპორტის სამინისტროს როლს თქვენს საქმიანობაში?
– ვფიქრობ, სპორტის სამინისტრო უნდა ზრუნავდეს თანაბრად ყველა სპორტის სახეობის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ისეთი სპორტის სახეობებისთვის, რომლიც მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს ის არხია, რომელსაც ქვეყანა გაჰყავს საერთაშორისო ასპარესზე და შეგვიძლია მსოფლიოს ჩვენი ძალები ვაჩვენოთ. უკვე მესამე წელია საქართველოს ჩემპიონატი ფილარმონიაში ანშლაგით ტარდება, მონაწილეობას იღებს უამრავი სპორტსმენი. ეს ხალხი წვალობს, ემზადება, ხარჯავს უმარავ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს. იმ პირობებში რა პირობებშიც უწევთ მზადება მათი შედეგები არის გენიალური! და როგორ შეიძლება, სპორტის სამინისტრო არ დაინტერესდეს ამ ყველაფრით, არ გამოყოს რაღაცა მიზერული ფინანსური სახსრები, რათა კიდევ უფრო განვითარდეს ეს სპორტი. შეძლოს სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებზე გაგგზავნის ორგანიზება ან წახალისება, ფინანსური დახმარება მათი და ა.შ.
თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, რატომ არის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები დაინტერესება (მე ვიტყოდი უნტერესობა) ამ სპორტით, მაშინ გეტყვით, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ სპორტის ამ სახეობას არ ჰყავს უბრალოდ „ლობისტი“ მთავრობაში. სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს დღეს. მე, როგორც სპორტსმენი, ყველა სპორტის სახეობას პატივს ვცემ, მითუმეტეს მეგობრებიც მყავს სხვა სპორტში და ვარ სხვა სპორტსმენების ქომაგიც, მაგრამ როდესაც მთავრობა ეხმარება „მკლავჭიდს“, უნიშნავს სპორტსმენებს ხელფასებს, მსოფლიო ასპარესზე, წარმატების შემთხვევაში საკმაოდ კარგ პრემიებს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დაფინანსებაც ჰქონდეს კონკრეტულად ამ სპორტის სახეობას, თუმცა როდესაც ამის ფონზე, მსოფლიოში ბევრად პოპულარული სპორტი „ფიტნესი“ არის დაფინანსრებული 0 ლარით, ეს აბსურდი და ქვეყნის დიდი დანაშაულია. დამერწმუნებით, ალბათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში ვინ არის მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, ხოლო კითხვაზე ვინ არის მსოფლიო ჩემპიონი ბოდიბილდინგში ან „მისტერ ოლიმპია“ პატარა ბავშვმაც შეიძლება, გიპასუხოთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და რატომ არ უნდა ვიზრუნოთ იმაზე რომ ესეთი „მისტერ ოლიმპიები“ ქართველებიც გახდნენ როდესმე?!
2010 წელს თქვენ „მისტერ მსოფლიოს“ კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილეობდით, საზოგადოებაც „მისტერ საქართვლოს“ სტატუსით გიცნობდათ. შეგიძლიათ, სამოდელო სფეროში მიღებულ გამოცდილებაზე მესაუბროთ? რატომ დაანებეთ თავი?
– ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე, რომელიც გამომადგა შემდგომ არა სამოდელო კარიერაში, არამედ ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში და მხოლოდ დადებითად შევაფასებ. დავანებე თავი იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ვიყავი თუ რა მიმართულებით განვვითარდებოდი და გადავწყვიტე, რომ მოდელობა ჩემი მოწოდება არ იყო და მეტი დრო დავუთმე განათლებას.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თქვენი ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელშიც საკუთარ წარმომავლობაზე პაროდიას აკეთებთ. ცხოვრებაში რამდენად პოზიტიურ ადამიანად გიცნობენ და რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში იუმორს?
– ვთვლი, რომ იუმორი არის ადამიანის ინტელექტის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი. მიყვარს კარგი იუმორის მქონე ადამიანები და ამას დიდ პატივს ვცემ, ასევე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ სხვებს გადავდო დადებითი ემოციები, გავამხიარულო და დავაყენო კარგ განწყობაზე. პირად ცხორებაში, სამსახურში – ნებისმიერ ადგილას ხშირად ვცდილობ, რაიმე სახალისო მომენტები შევქმნა, რომელიც ირგვლივ ყველას კარგ განწყობაზე დააყენებს, ჩემს ფეისბუქ გვერდზე ხშირად წააწყდებით იუმორისტულ ვიდეოს, სურათს ან პოსტს. ეს ყველაფერი მე მაბედნიერებს.
მაინტერესებს რით ხართ დაკავებული თავისუფალ დროს, რას საქმიანობთ ბოდიბილდინგის მიღმა?
– ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, რადგან სრული დატვირთვით ვმუშაობ, ასევე, ვარ მაგისტრატურის სტუდენტი და მყავს ინდივიდუალური მოსწავლეებიც, რომლებსაც ვავარჯიშებ ფიტნესში. თუმცა მცირე დრო, რომელიც მრჩება, ვცდილობ, გადავანაწილო ჩემს საყავრელ ადამიანებზე, მეგობრებზე, შეყვარებულზე და ვიყო მათთან ერთად.
რა გაძლევთ ცხოვრებაში მოტივაციას იმისთვის, რომ განვითარდეთ პიროვნულ და პროფესიულ ასპარეზზე?
– როდესაც რაიმე საქმეს ხელს მოვკიდებ, ჩემი მოტივატორი არის ჩემი თავი, და ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავს დავუმტკიცო თუ რა შემიძლია.
თქვენი აზრით როგორი პოპულარობით სარგებლობენ სპორტსმენი მამაკაცები ქალბატონებში. რა განწყობა არსებობს ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და სპორტის მიმართ საზოგადოებაში?
– ვფიქრობ, რომ დამთავრდა დრო, როდესაც ქალბატონებში პოპულარობით სარგებლობდნენ წელში მოხრილი, კუზიანი, შავძაძებჩაცმული არაჯანსაღი გარეგნობისა და აზროვნების ბიჭები. საბედნიეროდ, საზგადოება უკვე კარგად აფასებს ამა თუ იმ სოციუმის დადებით და უარყოფით მხარეებს და აკეთებს სწორ არჩევანს. დღეს გაცილებით მეტი ადამიანია დაკავებული ვარჯიშით და თუნდაც მინიმალური ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვით, ვიდრე, პირობითად, ერთი წლის წინ და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
გეგმავთ თუ არა, რომ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე მიიღოთ მონაწილეობა, რამდენად მზად ხართ ამისთვის და არსებობს თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორები?
– მზადება მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრისთვის, მოითხოვს საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურს, რომლის აკუმულირება დღეს მე არ შემიძლია. თუ ვინმე ამ ქვეყანაში, სახლმწიფო ან თუნდაც კომერციული ორგანიზაცია დაინტერესდება, რომ ხელი შეუწყოს ფიტნესის, როგორც სპორტის განვითარებას და ამაში ჩადებს ინვესტიციას, არამხოლოდ ჩემი მომზადებისათვის, არამედ თუნდაც საქართველოში საუკეთესო რამოდენიმე სპორტსმენისათვის, ვფიქრობ, რომ აუცილებლად გვექნება კარგი შედეგი მსოფლიო ასპარესზე. მინიმალური მოტივაცია და ხელშეწყობაც კი ვინმეს მხრიდან, განაპირობებს გაცილებით მეტი ადამიანის ჩართულობას ამ სპორტში, მოვიზიდავთ გაცილებით მეტ პერსპექტიულ ახალგაზრდას და ესე განვითარდება სპორტი ქვეყანაში. განვითარება კი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საშუალება მივცეთ ორბელაძეს ან პეტრეს ან პავლეს წავიდეს და მედლები ჩამოიტანოს, ეს ნიშნავს იმას რომ ეს სფერო განვითარდება, შესაბამისად განვითარდება ამ სფეროსთან დაკავშირებული უამრავი სხვა ბიზნესი, რაც შექმნის მეტ ეკონომიკურ დოვლათს ქვეყანაში, მეტ სამუშაო ადგილს, ჯანსაღ გენოფონდს და აამაღლებს ქვეყნის კეთილდღეობას. ამაზე აუცილებლად უნდა ფიქრობდეს ის, ვისაც მართვის სადავეები აქვს ხელში. უბრალოდ სირცხვლია ქვეყნისათვის ის სიტუაცია, რომელიც დღეს ამ მიმართულებით, გვაქვს.
თუ შეგიძლიათ თქვენს გეგმებზე მესაუბროთ. რა მიზნების აქვს ფიზიკის ორგზის ჩემპიონ გიორგი ორბელაძეს სამომავლოდ?
– ვცდილობ განვვითარდე, როგორც კარგი მენეჯერი და მმართველი კერძო ბიზნესში, ამისთვის ვმუშაობ და ვსწავლობ. სპორტს თავს არ ვანებებ, თუმცა ქვეყნის მასშტაბით კვლავ რაიმე შეჯიბრზე გასვლა არ მაქვს დაგეგმილი, თუ საშუალება მექნება ვეცდები საქართველო საზღვრებს გარეთ ვასახელო.
ნანუკა მაღლაკელიძე